Archive | ნოემბერი 2014

დიდი კაცი

Kakha
საქართველომ დიდი კაცი დაკარგა. ბენდუქიძე ფიზიკურადაც დიდი იყო და ინტელექტუალურად. მაგრამ მარტო ეს არ იქნებოდა ჩემთვის პირადად საკმარისი, ეს სახსოვარი რომ მეთქვა. იყო კიდევ რაღაც.

მახსოვს ჩემი დაპატარავების, დაობლების შეგრძნება როცა 2005 წლის თებერვლის დილით სამსახურში მიმავალმა ქუჩაში გავიგე ზურას გარდაცვალების ამბავი. თავში სულ „რაღა გვეშველება?!“ მიტრიალებდა მთელი დღე. ახლა რომ ვაანალიზებ იმ განცდას და ახლანდელთან ვადარებ, ვხვდები, რომ ის სიმწარე დიდწილად განპირობებული იყო ზურასთან ჩემი პირადი ნაცნობობით.

აი, კახას კი არ ვიცნობდი, სულ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც მოსკოვში, 1990 წელს. არ არის ახლანდელი განცდა ისეთი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ისტერიული, როგორც მაშინ. სამაგიეროდ ზედმეტად კარგად მესმის მნიშვნელობა ამ დანაკლისის. ძნელია ამ მნიშვნელობის ჩვენი თანამემამულეების ძალიან დიდი ნაწილისთვის ახსნა. ამიტომ მხოლოდ ერთ მინიშნებას გავაკეთებ, იქნებ ასე, ირიბად, რამეს მიხვდეს ვინმე.

გეხსომებათ, როგორ უმოწყალოდ გაანადგურა ბენდუქიძემ მარეგულირებელი ორგანიზაციები? აუფ, რა გვეშველება ახლა, ყველანი მოვიწამლებით, ყველაფერი დაინგრევა, და ა.შ., ეგ კივილიც გეხსომებათ მაშინ.

ეს კივილი მერე თანდათან იკლო და სულ მივიწყებას მიეცა. არადა, ამასობაში მარეგულირებლები რეალურად არ გვყავდა! და არავითარი მასიური მოწამვლები არ ხდებოდა! სახლები არ ინგრეოდა! მაგრამ არავის არ ახსოვდა, რომ ეს ცხოვრება მარეგულირებლების გარეშეც მშვენივრად ვითარდება.

მერე მოვიდა ჩვენი „გაევროპელების“ და იმავდროულად „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების“ დრო და უკვე ახალმა მთავრობამ მედგრად შეუდგა ამ მარეგულირებლების აღდგენას, პირველ რიგში, კვების პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში. კარგი, იქეთ რუსეთის მოთხოვნებიო, აქეთ – ევროკავშირის, მაგრამ რატომ არავის გაახსენდა, რომ „იმ ავადსახსენებელი 9 წლის“ განმავლობაში (რეალურად, ცოტა ნაკლები) არავინ შეამჩნია მაგ მარეგულირებლების არარსებობა?

ახლა გადავხედოთ გერმანიას, ანუ ისე საათივით აწყობილ ქვეყანას, ჩვენ რომ ვერასდროს გვეღირსება და არც უნდა ვცადოთ (არაა ეგ ჩვენი საქმე, გერმანული პედანტობა და პუნქტუალობა :-)). ხოდა ამ საათივით აწყობილ ქვეყანაში ორიოდე წლის წინ მოხდა ადამიანების მოწამვლა, თუ არ ვცდები, 12 დაიღუპა კიდევაც.

გერმანულმა კვების პროდუქტების ინსპექციამ ჩაატარა კვლევა და ხელი ესპანურ კიტრს დაადო. მთელი ევროკავშირის (და არა მარტო) მასშტაბით დაიწყო ესპანური კიტრის იმპორტის აკრძალვა. ესპანელებმა ვეებერთელა ზარალი ნახეს. ასე მოუხდებათ? მოითმინეთ…

ცოტა ხანში კიდევ ვიღაცა გარდაიცვალა და ცხადი გახდა, რომ იმ დროისთვის მთლიანად აკრძალული ესპანური კიტრი არაფერში დამნაშავე არ იყო…

ამ ამბიდან დასკვნის გამოსატანად მნიშვნელოვანია რამდენიმე მომენტი:

  1. ჩვენ არ ვართ გერმანია, და ჩვენთან საქმისადმი დამოკიდებულება ყოველთვის იქნება უფრო უდარდელი, ვიდრე მისი ანალოგი გერმანიაში
  2. გერმანიაში ასეთი მიდგომით მომუშავე ინსპექციის მიუხედავად, მოხდა ადამიანების მასიური მოწამვლა. ჩვენთან ასეთი კი არა, საერთოდ არანაირი ინსპექციის წლების განმავლობაში არარსებობის კვალობაზე ასეთი რამ არ მომხდარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ დავზოგეთ ბიუჯეტის სახსრები, რომლითაც ამ ინსპექციას უნდა ემუშავა.
  3. გერმანული ინსპექციის ვერდიქტმა ესპანური კიტრის ბრალეულობის კვალობაზე ვეებერთელა ზარალი მოუტანა ესპანეთს (არა მარტო – სხვადასხვა ქვეყნების ფირმები, რომლებიც ამ კიტრის იმპორტს ახორციელებდნენ, ასევე დაზარალდნენ, მაგრამ ზარალის ძირითადი ნაწილი ამ ქვეყანაზე მოდიოდა). ეს ზარალი არავის არ აუნაზღაურებია.
  4. და ბოლოს: თუ რით მოიწამლა ხალხი გერმანიაში, თუ არ ვცდები, აქამდე უცნობია.

ხო, წელს ანალოგიური შემთხვევა იყო დანიაში, ასევე კარგად (შეიძლება, გერმანიაზე უკეთესადაც კი) დალაგებულ ქვეყანაში თავისი კარგად მომუშავე ინსპექციით. იქ ხალხი ხორცის პროდუქტებით მოიწამლა… ჩვენ კი აღვადგინეთ კვების პროდუქტების უვნებლობის სააგენტო და აწი დაცულები ვართ!

აი, ამის და ამნაირების რო არ ჯეროდა კახას და შესაბამისად რომ მოქმედებდა კიდევაც, ამიტომაც იყო დიდი კაცი. ხსოვნა იყოს!

აურზაური საქოცეთში, ანუ დასასრულის დასაწყისი

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ესოდენ წარმატებული მინისტრი ალასანია ესოდენ უმოწყალოდ იქნება გაგდებული. აბა, აბა!

თუმცა, რატომ – ვინ? მე, მაგალითად, არ გამკვირვებია. ასევე არ გაკვირვებია არავის, ვისაც კარგად ახსოვს, თუ როგორ დააკომპლექტა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გუნდი 3 წლის წინ. იმათთვის, ვისაც ახსოვს, რომ პოლიტიკური ლუზერები „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მანდ ევროპული პეწის მიმცემი საკაზმის როლს ასრულებდნენ. და ბოლოს, იმათთვის, ვისთვისაც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი განვითარების კანონები ისეთივე ობიექტურ ხასიათს ატარებენ, როგორც, ვთქვათ, ფიზიკური კანონები.

ამიტომ, მგონი, პირველად ღარიბაშვილმა სიმართლე თქვა, როდესაც ალასანიას კვალდაკვალ გადამდგარი ფანჯიკიძე მოიხსენია, როგორც ალასანიას ნათესავი (ფანჯიკიძე ალასანიას ცოლის დაა). აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს წულუკიანის პოსტზე დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას?

სასაცილოდაც კი არ ჟღერს ახლა „თავისუფალი დემოკრატების“ ვუი-ვიში ქვეყანაში დემოკრატიის და კანონიერების პრობლემებზე. ბატონებო, თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ? და იგივე, თუ უარესი არა, ქმედებები „სისხლიანი ნაციონალების“ წინააღმდეგ კანონიერების ზეიმი იყო, არა? თუ კანონი მხოლოდ თქვენისთანა კარგი ბიჭების და გოგოების მიმართ არის დასაცავი, თორემ ისეთი საზიზღარი ტიპების მიმართ, როგორც „ნაციონალები“, არა?

ახლა, ალასანიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის თაობაზე მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანს არაფრის პერსპექტივა არ აქვს. მას უდავოდ აქვს კარგი მენეჯერის ნიჭი, და მან, თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანების თქმით, ეს უწყება, როგორც იქნა, ნორმალურ რეჟიმში ჩააყენა. მაგრამ ამავდროულად ის არის აბსოლუტურად მოკლებული ლიდერის ისეთი თვისებების, როგორც გამბედაობა და პასუხისმგებლობის თავის-თავზე აღება.

გახსოვთ მისი გამოსვლა 2008 წლის აგვისტოში გაეროს სესიაზე? რატომ იყო ამერიკელი წარმომადგენელი საქართველოს უფრო დამცველი, ვიდრე თავად ქართველი? რას ელოდებოდა პოლიტსაბჭოს სხდომისგან უკვე გადაყენებული მინისტრი? მართლა გაუკვირდა იქ მისულს, რომ ივანიშვილი დახვდა? და ბოლოს – რატომ არ იხდის ბოდიშს რაფალიანცების ოჯახის წინაშე? აღარ ახსოვს?

მოკლედ, რა ლუზერებიც იყვნენ ალასანია და მისი „გუნდი“ ივანიშვილის გაპოლიტიკოსობამდე, იმავე მდგომარეობას დაუბრუნდნენ ახლა. და ზუსტად იგივე ეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც კოალიციაში ჯერ კიდევ დარჩა. აშკარაა, რომ დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ უკვე „რესპუბლიკელები“ აღმოაჩენენ, რომ ქვეყანაში კანონიერების დაცვა გადაყვა „სამართლიანობის აღდგენას“.

ამასობაში ივანიშვილი დადგა არჩევანის წინაშე: ან ის უნდა დაბრუნდეს ფორმალურ თანამდებობაზე, რათა გაამაგროს სიმტკიცე თავისი გუნდისა, ან დაიწყოს ჩემოდნების ჩალაგება. თუკი ის უახლოეს დღეებში არ განაცხადებს თავისი „დანაპირის“© შესრულების თაობაზე („მე დავბრუნდები, როცა ჩავთვლი საჭიროდ”), ესე იგი, ან ჩემოდნებს ალაგებს, ან იმაზე უარესი იდიოტი-ნარცისი ყოფილა, ვიდრე მეგონა.

შედეგი კი მაინც ერთი იქნება: ეს ხოხოლა, რომელსაც ესოდენ ირონიულად ქვია „ქართული ოცნება“, მაინც დაიშლება.

თუ ეს მოხდება მალე, მაშინ ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, სადაც ამინდს ისევ „ნაციონალები“ შექმნიან, და კრიზისიდან გამოსვლა მოხდება კონსტიტუციური არჩევნების, თუნდაც ვადამდელი, გზით.

თუ არა და, მაშინ დაშლა მოხდება მოზღვავებული ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული პროტესტების ფონზე, და ამ შემთხვევაში დამბლადაცემული ხელისუფლების ხელიდან გავარდნილ ძალაუფლებას აიღებს ის, ვისაც ამის გამბედაობა ეყოფა. იმედი მაქვს, ეს ისევ ნაციონალები იქნებიან, ვინაიდან აბსოლუტურად არავის მეტს დღევანდელი ქართული პოლიტიკის ველზე პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია.

მე პირადად პირველი ვარიანტი (სწრაფი დაშლა) უფრო სავარაუდო მიმაჩნია.

ვნახოთ.