Archive | მარტი 2014

Ultimate Test

რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა დამოუკიდებელი, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ ცნობილი ქვეყნის ნაწილი. პუტინმა ცალ ფეხზე დაიკიდა მთელი მსოფლიოს აზრი და ამ მსოფლიოში არსებული წესრიგი.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ანექსია, რომელიც ახლა უკრაინას მიმართ de jure განხორციელდა, ჩვენთან დიდი ხანია de facto არსებობს, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საქმე ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირეს ეხება, მაინტერესებს: რას მოიმოქმედებს ჩვენი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე მეოცნებე მთავრობა? პარლამენტი განცხადების ტექსტზე რამდენ ხანს იმსჯელებს? რას ბრძანებს ბ-ნი ზაქარეიშვილი? და რაც მთავარია, რას დაწერს თავის Facebook-ში ქ-ნი სპიკერისმეუღლე უკრაინის თემაზე ურცხვად მოპიარე სააკაშვილზე?

რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული შეკითხვებია. რატომ? იმიტომ, რომ დღეს პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ის ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ კიევში საგანგებო ეკონომიკურ სამიტზე იყო დაპატიჟებული:

აჰა, იხილეთ ტექსტი:

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კახა ბენდუქიძე მოწმის სახით არის დაბარებული

 2014 წლის 18 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია  საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება სსიპ „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის’’ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს ,,აგრომეტის’’ კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს ,,აგრომეტის’’100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს ,,აგრომეტის’’ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება  65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული  59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც.

მე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: როცა თავის დროზე (ერთი წლის წინ) ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აგრუნის აკრედიტაციის პრობლემა შეუქმნა, ბენდუქიძე სასამართლოში ჩივილს აპირებდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლაც მგონია, რომ პროკურატურის დღევანდელი ბოგინი ბენდუქიძის ამ ჩივილზე მაშინდელი უარით არის დიდწილად განპირობებული.

Дешевки

უკრაინის კრიზისის მწვავე ფაზამ, როგორც ჩანს, ჩაიარა და რუსეთის შემდგომ იერიშამდე (ვის შეუძლია ის გამორიცხოს?) ის დრო დადგა, რომ რაღაც-რაღაცეებს თვალი გადავავლოთ, გავიხსენოთ და რაც მთავარია კარგათ დავიმახსოვროთ.

Cheapსაქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში რევოლუცია ისე მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი იქ არ ჩასულა. არც ერთი, გარდა ენერგეტიკის მინისტრისა, რომელიც კიევში თავის პირად საქმეზე ჩავიდა (ნეტავ რაზე? ბიზნესი?) და იქედან დაბრუნებულმა გვაუწყა, რომ კრიზისი გრუშევსკის ქუჩას არ სცდებაო: „ერთია, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ტელევიზიით მოწოდებულ ინფორმაციას და მეორეა რეალობა“.

ასევე არ გამოჩნდნენ კიევში ლამაზ მაისურებში გამოწყობილი „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

არც ჩვენი საამაყო შემოქმედებითი დასები ჩასულან იქ და არც უაღრესად აქტიური სამოქალაქო ორგანიზაციები.

ანუ, არავინ იმათგან, ვინც ვენებს იჭრიდა და იჭრის საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად.

სამაგიეროდ, კიევის მაიდანის, უნივერსიტეტის და დამოუკიდებელი ტელეარხების ხშირი და სასურველი სტუმარი იყო ყოფილი პრეზიდენტი.

სამაგიეროდ, სამი დაღუპული საქართველოს მოქალაქეთაგან, ერთად-ერთი, რომელიც ბარიკადებზე მოკლეს, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და „თავისუფალი ზონის“ წევრი დათო ყიფიანი. სხვათა შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ საიტზე აქამდე რატომღაც მხოლოდ ერთ დაღუპულზე არის განცხადება.

შემდეგი, რაც თვალში გეცემოდა ადამიანს, იყო ის გაუგებარი დანიშნულების განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ. კალაძის ზემოთმოყვანილ „დაკვირვებას“ რომ თავი დავანებოთ, სხვა „მარგალიტებიც“ ბევრია.

თუ ღარიბაშვილი 22 იანვარს აცხადებდა: „ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას“, მეორე დღესვე მარგველაშვილი გვახსენებდა: „ამასვდროულად, მინდა გითხრათ, რომ უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი და ჩვენ ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით“. ღარიბაშვილი მყისვე თანხმდებოდა და ღრმა სინანულით აღნიშნავდა: „უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, ქვეყანაში განვითარებული ვითარებაც საშინელია“.

თუ უსუფაშვილი აცხადებდა, რომ „ჩვენ, პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი“, კალაძე იმავე დღეს აზუსტებდა: „ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ ნებას, ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა ხელშეუხებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და მითუმეტეს სიცოცხლე“.

თუ 19 თებერვალს ინსტიტუტის ქუჩაზე მომხდარი ადამიანებზე სნაიპერების ნადირობის შემდეგ პეტრიაშვილი გაიძახოდა: „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ვუერთდები საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მოწოდებას უკრაინის ხელისუფლებისადმი, რომ მონახოს საერთო გზა და ენა ოპოზიციასთან სიტუაციის დეესკალაციისათვის“, 2 დღის შემდეგ (!) მარგველაშვილი ფილოსოფოსობდა: „გუშინაც მე მოვუწოდებდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური, და არა ძალადობრივი, ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა – ერთდროულად თითოეული ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე და ამავე დროს ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა“.

ამ ბლუკუნის უდავო ლიდერი მაინც ირაკლი სესიაშვილი გახდა, რომელმაც 24 თებერვალს, ანუ უკრაინული რევოლუციის შემდეგ, განაცხადა: „პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ის, რაც უკრაინელმა ხალხმა სისხლისღვრით შეძლო, ჩვენ ეს მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ“. ეს უკვე ნამდვილად სცილდება რიგით ბლუკუნს და ჭეშმარიტი მოროდიორის  არამზადობაში არის გადასული.

ცალკე აღსანიშნავია საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თუ არ ჩავთვლით ზემოთმოყვანილ არასრულ (?) შეტყობინებას, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის არსებობის შესახებ პირველად 27 თებერვალს გაგვახსენა. თუმცა, 1 მარტს უწყებამ უკვე საკმაოდ ადექვატური განცხადება გააკეთა, ხოლო მეორე დღეს ფანჯიკიძემ თავის უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

საინტერესო ის არის, რომ არავის დაჰბადებია შეკითხვა, და სად იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აღმზრდელი ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვის არ დასმა თუ არ ადასტურებს ქართველების ნამდვილ აღქმას ასო „მოქალაქის“ (ასო – არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ NGO) გამოცხადებული როლისა, მაშინ რას ნიშნავს?

ბოლოს კი, დღეს (წარმოიდგინეთ!) საქართველოს პარლამენტმა ვერ გაბედა მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივ ოკუპაციას დაგმობდა. ხოლო „მაესტროს“ სტუდიაში პოლიტოლოგი (?!) ცოტნე გამსახურდია, სააკაშვილის უკრაინულ აქტივობაზე მოკრძალებული ღიმილით ამბობს „ძაღლი შინ არ ვარგოდაო“…

ამ ჯერზე მე არ მაქვს თავი, რომ ჩემი ტრადიციული რიტორიკული შეკითხვა დავსვა „მიუკერძოებელთა™“ მიმართ – იმდენად ცალსახად ამაზრზენია ქართული დღევანდელი ბომონდის ქცევა უკრაინული ტრაგედიის ფონზე.

ამ ტრაგედიის მასშტაბის და უკრაინელების შეუპოვრობის შესახებ შთაბეჭდილება რომ შეგექმნათ, იხილეთ, ვისაც მაგარი გული გაქვთ: