Archive | ოქტომბერი 2013

მართალი კობა, ქართული პოლიტიკა და თავმოყვარეობა

კობა დავითაშვილმა თქვა და შეასრულა კიდევაც. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე 2%-ზე ნაკლებს მივიღებ, პოლიტიკიდან საერთოდ წავალო. მიიღო თავისი ალალი 0.2% და „თავისი გადაფურთხებული აღარ ალოკა“ (© ე. შევარდნაძე).

რა შეიძლება ითქვას ამაზე? მხოლოდ ეს – ჯიგარი ხარ, კობა, ნამდვილი სიტყვის კაცი. ტაში, ამხანაგებო, ტაში!

თუმცა…

პოლიტიკიდან კი მივდივარო და არანაირ არჩევნებში და გამოსვლა-ინტერვიუებში მონაწილეობას აღარ მივიღებო, მაგრამ პარლამენტში მაინც ვრჩებიო. რატომ? იმიტომ რომ დეპუტატის ხელფასი ჩემი ოჯახის ერთად-ერთი შემოსავლის წყაროა. და ამიტომ ბოდიში, მაგრამ მაინც ვიქნები მაგ პარლამენტში, თუმცა არაფერს არ გავაკეთებო.

რა კარგია, არა? როგორც იქნა, ქოც-პოლიტიკოსმა თავის პირით თქვა ის, რაც ისედაც ვიცით – არაფრის მაქნისები მიილტვიან ხელისუფლებაში, ვინაიდან რამე საქმის კეთებით ოჯახს კი არა, თავს ვერ შეინახავენ.

ხოდა, რატომ გიკვირთ, რომ ესენი ხელისუფლებაში იმას აკეთებენ, რასაც ახლა კობას ექს-ბრატები სჩადიან. ანუ, ახალს და თანამედროვეს ვერაფერს ქმნიან, გაკეთებულს ანგრევენ, და ძველს, ყავლგასულს, მაგრამ ასე ტკბილად ნაჩვევს აბრუნებენ… ხომ ვთქვი – უმაქნისები, მეთქი.

ეგ, ასე ვთქვათ, ზოგად პოლიტიკური ასპექტი. თუმცა, არსებობს ასევე სხვა, ჩემი აზრით გაცილებით მნიშვნელოვანი – საკუთარი ღირსების გრძნობა.

მამაკაცი, ოჯახის პატრონი, დღე და ღამე რომ მჯიღს ირტყამდა მკერდში წლების განმავლობაში, მე ვიცი, როგორ უნდა იმართებოდესო ქვეყანა, და საოცარ საპენსიო რეფორმასაც კი გვთავაზობდა ერთ დროს (რამდენი წლის სტაჟი, იმდენი ლარის დანამატი საბაზო განაკვეთზეო), საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღიარებს, რომ თავისი ტვინით და ხელით თავსაც კი ვერ შეინახავს. და ამ აღიარების შემდეგ მშვიდად აგრძელებს ბიუჯეტიდან (ანუ, გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან) ფულის აღებას ა-რა-ფერ-ში! ეგ, უდავოდ, უპრეცედენტო გამოვლენაა საკუთარი ღირსების შეგრძნების…

ახლა, შევადაროთ, მაგალითად, ცეზარ ჩოჩელს (როგორი შესადარია, მაგრამ მაინც). ამ ადამიანის ბიზნესი,  ხელისუფლება ასე თავგამოდებით რომ ცდილობს ახლა გაანადგუროს, ერთი წლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აღარ არის ხელისუფლებაში, მაინც ვითარდებოდა. თანაც, არ დაგავიწყდეთ – საერთო ვარდნის ფონზე. ვითარდებოდა, სანამ ქოც-პროკურორმა არ გადაწყვიტა, რომ სამართლიანობამ ბოლო-ბოლო პური უნდა ჭამოს და ჩოჩელის კომპანიების დალუქვას მიჰყვა…

ამნაირ ხალხს „დავითაშვილის პრობლემა“ ვერასდროს დაუდგებათ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ თავი გაცილებით, შეუდარებლად უფრო ღირსეულად უჭირავთ. იმდენად უფრო, რომ ეს შედარება მხოლოდ ამ შეუდარებლობის საჩვენებლად გავაკეთე…

მე ვიტყოდი, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარი ღირსების გრძნობა არის ის, რის მიხედვითაც იყოფა ჩვენში პოლიტიკური სპექტრი. არანაირი პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაყოფა არ არსებობს, არსებობს (ან არ არსებობს) ღირსება. ყველაფერი დანარჩენი ამის შედეგია – მცოცავი მავთულხლართების მიუხედავად, ოკუპანტთან ურთიერთობის შეუპოვარი „დალაგებაც“, საქართველოს საპატრიარქოს საიტის ჰოსტირებაც რუსულ (ალბათ, განსაკუთრებულად ერთმორწმუნე) სერვერზე, პერმანენტულ ბოდვაში მყოფი „ექსპერტებიც“, სხვის ხელში შემყურე „მეწარმეებიც“, პრემიერ-ბიძინა და მისეული დამოძღვრა/მიჯირყვნებიც და მათზე თავის დამქნევი ჟურნალისტებიც, მარგველ-პრეზიდენტის „მეორე-ტურში-მონაწილეობას-არ-ვიკადრებ“ განცხადებაც და მისთვის ხმის მიმცემიც…

… და ვინმე შენიანის სიძულვილით (ან ჭამის ბანალურად კარგი მადით) გამოწვეული დაუოკებელი მზაობა, ქვეყანა ნაცარტუტად აქციო და მტერს ჩააბარო. და თან ამას პატრიოტიზმი და ღირსების აღდგენა უძახო.