Archive | ოქტომბერი 2016

საარჩევნო ეპისტოლე „ბირდაბირით“ მხერხავებისგან

ერთ წელიწადზე მეტია, არაფერი დაგვიწერია. რატომ? იმიტომ რომ, ჩვენი აზრით, ამ პერიოდისთვის მთლად შეურაცხადი თუ არ ხარ, ვითარება სრულიად ნათელი უნდა გამხდარიყო:

ა) ივანიშვილი არის დანგრეული ფსიქიკის პატრონი;

ბ) რუსეთი არის მტერი, გინდ ერთმორწმუნე დაარქვი, გინდ რა;

გ) საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და მემარცხენე სისულელეების თავი არ აქვს.

ცალკე აღვნიშნავთ, რომ ქოცები, გინდ ძველი სახეები, გინდ ახალი, ნერვებს აღარ გვიშლიან. ანუ, მათი უდონო უტიფრობით და უნამუსობით გაღიზიანებამ ადგილი დაუთმო გაოცებას მათი უსაზღვრო სიდებილით თავიანთი (თავიანთი! ქვეყანას ვინ ჩივის!) პოლიტიკური ბედის მიმართებაში.

აშკარად ჩანს, რომ „გუნდში“ ყოფნის კრიტერიუმი არის ერთი: უნდა იქცეოდე ისე, როგორც მამა-და-მარჩენალი. რა წამს პრეზიდენტმა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „რესპუბლიკელებმა“ ოდნავ განსხვავებული ქცევის ნიშნები გამოამჟღავნეს, მათი ბედი გადაწყვეტილი იყო.

ხოდა, ვინაიდან მამა-და-მარჩენალი პათოლოგიური ფსიქიკის პატრონია (აბა, სხვა ვინ მოიფიქრებდა წინასაარჩევნოდ (!) თავისი ფეხით ჩავიდეს სათითაოდ ყველა რეგიონში და ადგილზე მოუყვეს ამომრჩევლებს, რა კარგი ცხოვრება მოვიდა, მაგრამ ისინი, იდიოტები, ამას ვერ ხვდებიან?), შედეგიც ისეთივე პათოლოგიურია.

მთავარ მიზეზს, თუ რამ მოიყვანა ასეთი ხალხი ხელისუფლებაში 2012 წელს, ჩვენ ვხედავთ იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გავრცელებული მოვლენაა ისტერია. საკმარისია გაიხსენოთ რეაქცია „ციხის კადრებზე“, რაფალიანცის სიკვდილზე – რა არის ეს, თუ არა აშკარა, ძალიან მკვეთრი საზოგადოებრივი ისტერიკა?

ამიტომ, თანამემამულენო, მოგიწოდებთ დაწყნარდეთ, დამშვიდდეთ და ისე მიხვიდეთ 8-ში საარჩევნო ყუთებთან. რაც არ უნდა იძახონ მავანნი, ამ არჩევნებით საქართველო არ თავდება, მაგრამ თქვენი (!) ცხოვრების კიდევ 4 წელიწადის ბედი კი ნამდვილად წყდება.

ამაზე კარგად დაფიქრდით (კარგი იქნება, თუ იმასაც გაიხსენებთ, რაც ზემოთ ვთქვით) და ისე შემოხაზეთ ციფრები ბიულეტენებში. ასე დაწყნარებული გონებით ყველანი უფრო გავიმარჯვებთ, ვიდრე თუ თვალებგადმოკარკლულნი და დუჟმორეულნი ერთმანეთის ყელის გლეჯვას გავაგრძელებთ.

გაიხსენეთ, ძალა ერთობაშია!