Archive | აპრილი 2015

ნაციონალების მიერ ნაყიდი Fitch და მძლეთამძლე მთავრობა

როგორც ჩანს, მთავრობამ კრიზისი დაძლია და ქვეყნის აღმშენებლობას აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრს აღარ ახსენდება თავისი დაპირება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვის თაობაზე, ხოლო ფინანსთა მინისტრი საერთოდ ოპტიმიზმით არის გამსჭვალული.

ამასობაში Fitch Ratings-მა ჩვენი მიღწევები ვერ შეამჩნია და საქართველოსთვის თავისი პროგნოზი დაწია: ამ სარეიტინგო სააგენტოს აზრით, ქართულ ეკონომიკაში ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არაა (Stable Outlook ამას ნიშნავს). არადა, ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერში იგივე სააგენტო გაუმჯობესებას ვარაუდობდა.

რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქოცები დარწმუნებულები არიან, რომ ამაში „სისხლიანი ნაციონალების“® ხელი ურევია. ნუ, ვისაც ამისი ჯერა, იმათ ჩვენ კი არა, საუკეთესო ფსიქიატრებმაც კი მეეჭვება, რამე უშველონ. მაგრამ მთავრობა ხომ მაინც უნდა აქცევდეს ამას მეტნაკლებ ყურადღებას?

სულაც არა. ალბათ, გეხსომებათ (ხა-ხა-ხა!), ამ ზამთარს, რა პანიკის პირას იყო საქართველო, როცა ლარის თავისუფალ ფრენას ყოველ დღე უყურებდა. მაშინ მთავრობა ოლიმპიურ სიმშვიდეს აფრქვევდა და ხან გარე ფაქტორებზე საუბრობდა (ზოგადად დოლარის გამყარების ტენდენცია მსოფლიოში), ხან ეროვნულ ბანკში ნაცების კადრების ბუდის არსებობაზე (აბა, რატომ არ ხარჯავს სებ სავალუტო რეზერვებს ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ა?!). ლარი კი ამასობაში აგრძელებდა ფრენას და ახალ-ახალ რეკორდებს ხსნიდა – აი, 5-წლიანი მინიმუმი დაძლია, აი, 10-წლიანიც…

ბოლოს, მთავრობამ იკადრა და თებერვლის ბოლოს სამოქმედო გეგმა გამოაგორა. ნუ, ამ გეგმის საზრიანობაზე ცალკე შეიძლება საუბარი, მაგრამ ახლა მინდა მივაქციო ყურადღება იმ ფაქტს, რომ მისი ერთ-ერთი პუნქტი დაჩქარებულ პრივატიზაციას გულისხმობდა, ხოლო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში საპატიო ადგილს ათონელის რეზიდენცია იკავებდა.

ახლა კი, რას ვხედავდით მთელი წინა კვირის განმავლობაში? ჭაჭყანს იმის გარშემო, უნდა გამოეთრეს ბოლო-ბოლო რენეგატი პრეზიდენტი „სააკაშვილის სასახლიდან“ ავლაბარში და ათონელის რეზიდენციაში შეეყუჟოს თუ არა.

კი მარა, ეს რეზიდენცია ხომ გასაყიდად იყო გადადებული? იყო, მაგრამ ახლა აღარ არის (ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების სააგენტოს სიაში აღარ არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავრობის ძლევამოსილ გამარჯვებას კრიზისზე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ამ „გამარჯვებით“ აიხსნება ეკონომიკის მინისტრის დუმილიც ეკონომიკის ზრდის დაპირებული გადახედვის თაობაზე და ფინანსთა მინისტრის ომახიანი ოპტიმიზმი. პრემიერზე აღარ ვიტყვი არაფერს, ცოდოა…

ხოდა, ტრადიციულად, მივმართავ მაღალინტელექტუალურ ქართველ ექსპერტებს: თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ანგარიშით გაიმარჯვა მთავრობამ კრიზისზე? ანუ, დავაზუსტებ: რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა კვარტალურად და წლის ბოლოს?

ხო, არ დაგავიწყდეთ, რომ ლარის დღევანდელი კურსი (2.2844 GEL/USD) ყველაზე დაბალია 1999 წლის ივლისიდან…

აბა, წავიდა, დაძარით კაბინა!

 

ფონდი, კონსალტინგი და ყურებზე ჩამოსაკიდი მაკარონი

ეკა კვესიტაძე კარგი გოგოა, მაგრამ თანაინვესტირების ფონდისადმი მიძღვნილ გადაცემაში ცოტა არ იყოს არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. საკმაოდ ჩახლართული და ქართველი მაყურებლისთვის უცნობი თემის ასე სწრაფად მოყოლა არ შეიძლება. ვეჭვობ, ბევრმა ვერ გაიგო, „ვისი … ვის …“. ამიტომ, შევეცდები ამ ისტორიის მთავარ მომენტებს გავუსვა ხაზი.

საქმე იმაშია, რომ თანაინვესტირების ფონდის „ჩერეზ-ჩერეზ“ შვილობილმა კომპანიამ სახელმწიფოსგან ნაკვეთი გარდაბანში 1 ლარად შეიძინა (ანუ, მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“).

გარდა ამისა, მან აიღო კრედიტი ივანიშვილის საოჯახო „ქართუ“ ბანკში, რომლის პროცენტს თითქმის მთლიანად სახელმწიფო გადაიხდის (ეს უკვე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაა).

ფორმალურად, არაფერია დარღვეული და პრობლემაც არაა. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ თანაინვესტირების ფონდის შექმნის ინიციატორი ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებში განსახორციელებელი კერძო ინვესტიციების წყარო.

ხოდა, ეს „წყარო“, იმის მაგივრად, რომ ეს ნაკვეთიც სრულ ფასში ეყიდა (სხვათა შორის, 350,000 კვ.მ არაა ცოტა), და კრედიტიც თავად ეხადა (ან რათ უნდა ეს კრედიტი ამხელა თანხის პატრონს?), მაინც სახელმწიფოს ხარჯზე აკეთებს „ბიზნესს“. ანუ, ამ ფონდს დანახარჯების ნაწილი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, უნდა გადაგვეხადა.

თუმცა, ერის მამა და მარჩენალმა ასო „მოქალაქემ“ რო გაიგო, რა საშიშროება ელოდება მის საყვარელ ქართველ ხალხს, ძალიან შეწუხდა, ჯიბეზე ხელი გაირტყა და როგორც ჭეშმარიტი ანეგდოტების გმირი გრუზინი, ამაყად განაცხადა „пальта нэ нада“, ანუ მისი ფონდის შვილობილი კომპანიის მიერ მის ბანკში აღებული კრედიტის პროცენტს თავად დააფინანსებს. მადლობა, შენ გეიხარე, ბატონობიძინა!

ცნობისთვის: როგორც თავის დროზე ითქვა, ივანიშვილს მაგ ფონდში ჩადებული აქვს $1 მილიარდი. ეს ქართული ეკონომიკისთვის კაი დიდი თანხაა (შედარებისთვის, 2013 წლის საქართველოს მშპ 26.85 მილიარდ ლარს (მიმდინარე ფასებში), ანუ $15.43 მილიარდს შეადგენდა).

ეს სკანდალი ჯერ ჩამცხრალი არ იყო, მთავრობამ რომ გვახარა, რომ მას ქართული ჯანდაცვის ეფექტურობის ამაღლებაში „საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი Global Alliance for Health and Social Compact დაეხმარება“. ახლა აქ შევჩერდეთ, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და Google-ს ვკითხოთ, ვინ არის ეს „საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი“. ჰოი, საოცრება: ეს კომპანია სულ 7.5 თვის წინ არის შექმნილი, ანუ ერთი წლიური ანგარიშიც კი არ აქვს ჯერ ჩაბარებული.

ნუ, ეგ კიდევ არაფერი – ხდება ხოლმე, რომ ახალ კომპანიას ქმნიან თავის დარგში გამოჩენილი ფიგურები, რომელთა გამოცდილება და ავტორიტეტი მყისიერად ქმნის ახალი კომპანიის ავტორიტეტს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კომპანია ყველგან აცხადებს ამ თავის დამფუძნებლების შესახებ, რათა ეს ახლადშეძენილი ავტორიტეტი გაამყაროს.

და ჩვენ რას ვხედავთ ამ კომპანიის საიტზე? კრინტი არ არის დაძრული დამფუძნებლების შესახებ. მეტიც კი, მის სარეგისტრაციო მისამართზე რამდენიმე კომპანიაა დარეგისტრირებული, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს კომპანიები დარეგისტრირდნენ მათი ბუღალტერიის მწარმოებელი კომპანიის მისამართზე.

ახლა კი შეგვიძლია მივუბრუნდეთ სათავეს და ისევ გადავიკითხოთ მთავრობის განცხადება: „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი Global Alliance for Health and Social Compact დაეხმარება“. ნუ, რატომაც არა, ასეთ მთავრობას ზუსტად რომ 7-თვიანი უსახლკარო კონსულტანტები უნდა ჰყავდეს…

Upd: ვლადიმერ ივანიძე!

გილოცავთ!

კვლავ ქართველი ექსპერტების სართაშორისო დღეს გილოცავთ! პატივცემულმა ექსპერტებმა ერთი წამითაც არ იფიქრონ, რომ თუკი სახელისუფლებო კაბინეტებში გადაინაცვლნენ ან ბუჩქებში მიიმალნენ, ისინი ჩვენ აღარ გვახსოვს 😉