Archive | იანვარი 2014

„ყველა დაინახავს, როგორ წაართვეს ამ ოჯახს ბიზნესი“,

განაცხადა ბ-ნმა პრემიერმა, როცა ჟურნალისტებმა პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ჰკითხეს.

ეს იყო გუშინდელ შეხვედრაზე, ხოლო იმ დილით ყველა რედაქციაში ანონიმური მეილ-მისამართიდან მოვიდა ხსენებული ხელშეკრულების სკანი. დღეს იუსტიციის სამინისტრომ ამ დოკუმენტის აუთენტურობა დაადასტურა საკუთარ საიტზე მისი განთავსებით.

ჩემი პირადი შთაბეჭდილება – ეს გახლავთ კლასიკური მორიგების შეთანხმება: ორივე მხარე რაღაცას იღებს რაღაცის სანაცვლოდ (მაგ., მთავრობა – „იმედს“ რუსთავის ქარხანის სანაცვლოდ, ოჯახი – რუსთავის ქარხანას „იმედის“  სანაცვლოდ), თან რაღაც პრობლემებს აგვარებს (მაგ., ოჯახი – პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვას და ჯოზეფ კეის მემკვიდრედ არცნობას, მთავრობა – არბიტრაჟების და მათთან დაკავშირებული სკანდალების შეწყვეტას).

ჰოდა, რას შვება ჩვენი უთავო (უმთავარპროკურორო) პროკურატურა? სწორია – საქმეს იძიებს:

ინფორმაცია მედიისთვის
17.01. 2014 წ.
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს არკადი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ა.პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე, რომელიც ეხება 2007 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის დროის პერიოდს, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა სახელმწიფოსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მორიგების მემორანდუმის გაფორმება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 2007 წლის ბოლოს არკადი პატარკაციშვილმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულის შემდეგ ა.პატარკაციშვილზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო მის საკუთრებაში არსებული ქონების და კომპანიების მიმართ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების გატარება.
როგორც თვით მორიგების შეთანხმებიდანაც ჩანს ა.პატარკაციშვილის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, საგადასახადო დეპარტამენტი, თბილისის მერია, ფინანსური პოლიცია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია. შეთანხმების გაფორმებისას ამ სახელმწიფო ორგანოებს და მთლიანად სახელმწიფოს წარმოადგენდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.
მორიგების შეთანხმებიდან ასევე იკვეთება და გამოძიებით დგინდება, რომ ხსენებულ პერიოდში ა.პატარკაციშვილის და უკვე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ მისი ოჯახის მიმართ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს შედეგად მოჰყვა, გამოძიებების და საგადასახადო შემოწმებების დაწყება, ა.პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანიის წილების და ანგარიშების დაყადაღება, მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან მოქმედი ლიზინგის ხელშეკრულების გაუქმება, ტელეკომპანია იმედის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სხვადასხვა ფორმით ხელისუფლების წარმომადგენლების გამგებლობაში გადაცემა, ასევე სხვა კომპანიების მიმართ სამოქალაქო დავების წამოწყება და სხვა.
აღნიშნული ქმედებები განხორციელდა მაშინდელი შსს, თბილისის მერიის, ფინანსური პოლიციის, შემოსავლების სამსახურის, საჯარო რეესტრის, პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმებულად და ორგანიზებულად, დროის უმოკლეს პერიოდში.
2008 წელს არკადი პატარკაციშვილის ოჯახმა მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით დავა დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნების ან/და მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალის 400 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების მიზნით. ვინაიდან საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავისას შეიქმნა რეალური საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო წააგებდა დავას და მათ მოუწევდათ არკადი პატარკაციშვილის ოჯახის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება, აგრეთვე გამოიკვეთებოდა ა.პატრკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებების უკანონობა, 2011 წლის ივნისის თვეში სახელმწიფოსა და არკადი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმდა მორიგები შეთანხმება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლების წარომადგენლებმა აიღეს რიგი ვალდებულებები ა.პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ, თუმცა ამავდროულად, ვინაიდან მათ არ სურდათ ტელეკომპანია იმედის დათმობა, არკადი პატარკაციშვილის ოჯახს ვალდებულებად განუსაზღვრეს, რომ უარი უნდა ეთქვა ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებულ კომპენსაციაზე.
გამოძიება ამ ეტაპზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ორგანიზებულად, ტელეიმედის და არკადი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებების დანაშაულებრივი გზით უკანონოდ დაუფლების ფატქების გამოსავლენად და კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხის დასადგენად.
ამავდროულად საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თბილისის მერი გიორგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. საქმე ეხება ე.წ. რიყის ეპიზოდს, რა დროსაც თბილისის მერიის კუთვნილი თანხა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იქნა მითვისებული. სწორედ ამ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია იმედის ყოფილი დამფუძნებელი ოფშორული კომპანიების კერძოდ, პანამაში რეგისტრირებული „borex limited”-ს და “rak Georgia”-ს რეალური ბენეფიციარები იყვნენ დავით კეზერაშვილი და გიორგი უგულავა.

გესმით რამე? „დაზარალებული“ არაფერს არ ითხოვს (თუნდაც, ზემოთხსენებული მორიგების ხელშეკრულების თანახმად), მაგრამ პროკურატურა მაინც იწყებს მის დაცვას. თუ ეს არაა „პოლიტიკურად მოტივირებული“ გამოძიება, მაშინ რაა ეგეთი საერთოდ?

PS როგორც ყოველთვის, ძალიან მაინტერესებს „ჩვენი სასიქადულო ინცილეგენციის“ © და „მიუკერძოებელ-პრინციპულთა“ © რეაქცია. ასევე ძალიან საინტერესო იქნება ქართული თარგმანი თუ გამოცხვება ჩვენი ჭეშმარიტად ეროვნული ხელისუფლების ხელში.

და ბოლოს – ვიოცნებო, რა! – კარგი იურისტის მიერ ტელეეთერში გაკეთებული ამ ხელშეკრულების ანალიზი, თუ შეიძლება, გასაგებ ენაზე და თუ ღმერთი გწამთ, „შორენების“ მონაწილეობის გარეშე. იქნებ, ახალგაზრდა იურისტებმაც ისწავლონ რამე 🙂

Advertisements

No comments… Just their own words

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საშობაო ეპისტოლე

განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც, თურმე, ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც, თურმე, ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ. და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ.

პრემიერის თანაშემწის თამარ ჩუგოშვილის საშობაო მილოცვა

გვინდა გამოვეხმაუროთ პატრიარქის 2014 წლის  საშობაო ეპისტოლეს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ერის და ბერის მიმართ ქადაგება ჩვევა დარიგებებით არის განმსჭვალული. სამწუხაროდ ბოლო დღეებში ვიხილეთ კიდევ ერთი  თავდასხმა  საპატრიარქოს მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, ეს პროცესი  დიდი  ვარაუდით  პრემიერის მრჩეველ თამარ ჩუგოშვილის მიერ უნდა იყოს მართული, საპატრიარქოსთან აქცია ზუსტად მის განცხადებას მოჰყვა, ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია და მათ თანამოზრეთა მიერ გაკეთებული განცხადებები. გამოდის რომ ქალბატონი თამარი ცდილობს ხელისუფლება,  საპატრიარქო და საზოგადოების ნაწილი და ეკლესიის მრევლი დააპირისპიროს, მათივე  თქმით თურმე საპატრიაქო არა ჰუმანურ ნაბიჯებს დგამს საშობაო ეპისტოლეში ასახული ქადაგებებით. რაც ცინიზმია მეტი არაფერი.

სარეკომენდაციო- რჩვევა, თხოვნით, მივმართავ პრემიერ ბატონ  ირაკლი ღარიბაშვილს, დარწმუნებული ვართ რა რომ არანაირად არ იზიარებთ ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ გადადგმულ პეროვოკაციულ ნაბიჯებს, რაც ბოლო დღეებში ხდებოდა,მოგმართავთ თხოვნით  სანამ    ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა და ,,მისი ხელის“ არსამთავრობოებმა  უფრო მეტი ზიანი არ მიაყენეს მთავრობის, ქვეყნის და ეკლესიის იმიჯს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე უცხოელი პარტნიორების წინაშე რაც მათ არა ერთხელ გაუკეთებიათ,  გთხოვთ ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი უახლოეს მომავალში  გადააყენოთ დაკავებული თანამდებობიდან. ამასთანავე გვაქვს ინფორმაცია რომ იგი ახალ არასამთავრობო ორგანიზაციებს  არ აძლევს  საზოგადოებაში ინტეგრირებისა და   განვითარების საშუალებას , რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მხარს უჭერდა.

გრიგოლ გაგნიძე, ადვოკატთა და იურისთტა საერთაშორისო ობსერვატორი-ის“ თავმჯდომარე

PS ამ ბოლო ორგანიზაციამ თავისი განცხადება რატომღაც თავის FaceBook-გვერდზე არ განათავსა და მხოლოდ მეილ-დაგზავნას დასჯერდა (საიდანაც copy-paste-ით მაქვს გადმოტანილი). საინტერესოა მაგ FaceBook-გვერდზე მითითებული მისია – „Georgian Lawyers for HumanRights“…