Archive | მარტი 2013

აგრუნი და სამართალი

აგრუნის აკრედიტაცია აღუდგინეს. აუფ, რას ლაპარაკობთ?! ვინ იფიქრებდა…

მოკლედ, ძალიან გაწბილებული დავრჩები, თუ ბენდუქიძემ გადაიფიქრა და სასამართლოს არ მიმართა. სხვა თუ არაფერი, ასეთი რეზონანსული საქმეებით ხდება სასამართლოს სასამართლოდ ჩამოყალიბება.

ვნახოთ…

უკომენტაროდ

„სამართლიანი არჩევნების“ დღევანდელი განცხადება:

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით ადგილობრივ თვითმმართველობებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1790 თანამშრომელი.  69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა.

მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ.  საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 418 რწმუნებული.

გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო. ძირითადად შეიცვალა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები. ყველაზე მასიური დათხოვნა ახმეტაში დაფიქსირდა, სადაც „ოპტიმიზაციის“ პროცესი 205 თანამშრომელს შეეხო. „სამართლიანი არჩევნების“  ინფორმაციით, კასპის ბაგა-ბაღებში „ქართული ოცნების“ წევრები ნახევარ განაკვეთზე დაინიშნენ, იქ დასაქმებულ თანამშრომლებს კი ხელფასი გაუნახევრდათ.

გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში  ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა.რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას,  საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა.  კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში   გამოცხადდა.  პარტიული ნიშნით ძირითადად, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ.

გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღების ვადები არცერთ მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში არ დარღვეულა.  ინფორმაცია მიღებულ იქნა ყველა მუნიციპალიტეტიდან, გარდა ქარელისა, სადაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ოსაძემ გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირთა ვინაობა და თანამდებობები არ გაასაჯაროვა.

„სამართლიანი არჩევნები“ გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების უფრო მეტი ყურადღების საგანი უნდა გახდეს, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს მოვუწოდებთ თანამდებობაზე აყვანა და გათავისუფლება მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის სრული დაცვით განხორციელდეს.

სარეიტინგო კენჭისყრა?

ეს რა იყო? ამიხსენით, თორემ ვერაფერი გავიგე. ადამიანები, რომლებიც დეპუტატებად არიან ცნობილი, რისთვის არიან შეყრილი იმ შენობაში, რომლის ირგვლივ ერთდროს იმხელა აურზაური ატყდა?

ნაციონალებმა თავისი გაიტანეს და ოცნებისტების დიდი ხნის ნანატრ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრას (ანუ, იურიდიული ძალის არმქონე) მიაღწიეს. ამ კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ცვლილებებს მართლაც არ აქვთ შანსი საკმარისი ხმები მოაგროვონ.

ამის შემდეგ ჩატარდა ჩვეულებრივი კენჭისყრა და ნაციონალებმა სრული შემადგენლობით ხმა მისცეს ამ ცვლილებებს. ტაში, ამხანაგებო – პარტიამ ყველას აჩვენა, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და მის მოთხოვნებს უმრავლესობამ ყური უნდა დაუგდოს. ეს, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგია და ამაზე, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს.

მაგრამ მე ორიოდე კითხვა დამრჩა – ეს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ყოფილიყო, რომელსაც ხმების 2/3 ჭირდება, რა იქნებოდა? ვინმე დაუგდებდა მათ ყურს? ან ამ ცვლილებებზე, დაუგდეს ეს ყური თუ არ დაუგდეს – შედეგი ხომ მაინც ოცნების არის?

ჰოდა, ვუბრუნდები თავდაპირველ შეკითხვას – რისთვის არიან შეყრილნი მაგ პარლამენტში ეს ადამიანები? თავის მაგარ ბიჭობას (ანგარიშგასაწევძალობას) გვიმტკიცებენ? მადლობთ, არ მაინტერესებს.

ხოლო მაინტერესებს აი რა – ხვალ რომ დაჭირდეს „ქართულ ოცნებას“ ან მის დიად ბელადს კიდევ რამე შეცვალონ კონსტიტუციაში (მაგალითად, დედაქალაქად ჭორვილა გამოაცხადონ), ისევ მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“ სარეიტინგო კენჭისყრას თავისი ანგარიშგასაწევი ძალის დემონსტრირებისთვის თუ უკვე მიღწეულ შედეგს დასჯერდება და პირდაპირ დაუჭერს მხარს „ქართული ოცნების“ ცვლილებებს მასთან თანამშრომლობა-კოჰაბიტაციის ამბავში?

ის, თუ რა მოხდება ჩვეულებრივი კანონების განხილვისას, ეს უკვე ვიცით…

აგრუნის შესახებ, ანუ ბენდუქიძის ქონება თუ ერის სიმდიდრე?

რამდენადაც მესმის, სასწავლებლის აკრედიტაციის აზრი არის სახელმწიფოს მხრიდან დასტური იმისა, რომ ამ სასწავლებელში სწავლის პროცესი აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს. ყოველ შემთხვევაში, ასეა განმარტებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე.

აქედან გამომდინარე მაქვს შეკითხვა აგრუნისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მხარდამჭერ-გამამართლებლებისადმი. უფრო სწორედ, მინდა გავიმეორო ის კითხვა, რომელიც აგრუნიში მისულ ბ-ნ მინისტრს დაუსვეს – თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ იქ სწავლის დონე უვარგისი იყო?

მიპასუხეთ, იყო თუ არა ბენდუქიძემდე სასოფლო ინსტიტუტი სრულიად უმსგავსო მდგომარეობაში და გახდა თუ არა ის ბენდუქიძეს ხელში (ანუ, 2 წელიწადში) სწავლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილი?

გარდა ამისა, მინდა ვკითხო იმათ, ვინც შეწუხებული ან აღშფოთებული სახეებით ტელეეკრანიდან თუ გაზეთების ფურცლებიდან ისევ და ისევ გვახსენებს, რა უსამართლობაა, რომ იუდა-კახამ სასოფლო ინსტიტუტი ხელში ჩაიგდო – რა სარგებელი ნახა ამ საზიზღარმა ბენდუქიძემ ამ უზომო ქონების შეძენით და მაგაში 18 მილიონი ლარის ჩადების ვალდებულებით?

როცა სამართლიანობის აღდგენის წყურვილით გულანთებულნი, კალკულაცია-დათვლებს აფრიალებენ, თუ რა კაპიკების (თეთრების, ცენტების) სანაცვლოდ დაეკარგა ეს „უზომო ქონება“ ხალხს, მითხარით, რა ქვია იმ ბანკს, რესტორანს, სასტუმროს, კაზინოს, რომელიც სასოფლო ინსტიტუტის ადგილას გახსნა ამ იუდამ. ან თუ სხვა გზით მდიდრდება ამ ადგილას ეს საზიზღარი, ესეც მითხარით – ვეცდები, ესეც გავიგო.

რაც მთავარია – მითხარით, ჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიცირებულ სპეციალისტებს მოამზადებს სოფლის მეურნეობისთვის?

ეს არ უნდა იყოს რთული, ხომ ასეა?

„სასიქადულო ინტელიგენცია“

რა არის ელიტა? ელიტა საზოგადოების ის ფენაა, რომელიც განსაზღვრავს განვითარების გზას. საბჭოთა დროიდან მოყოლებული, იგულისხმება, რომ ეს არის ინტელიგენცია. ანუ, ისინი, ვინც ქმნის ხელოვნების ნიმუშებს და ანვითარებს მეცნიერებას.

ხშირად, საზოგადოება ამ მოთხოვნებზე ჩერდება. ანუ, იგულისხმება, რომ თუ ადამიანი ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, ის ავტომატურად ეკუთვნის ელიტას. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ელიტა აყალიბებს მორალურ სტანდარტებს, ანუ განსაზღვრავს, რა არის ცუდი, რა არის კარგი, რა არის სიმართლე, რა არის სიცრუე.

შეიძლება ითქვას, რომ ელიტა არის საზოგადოების განვითარების ნავიგატორი. ამიტომ დასავლეთში იყენებენ ტერმინს „ინტელექტუალები“, რათა ხაზი გაესვას ამ ადამიანების სამუშაოს ბუნებას – მთელი საზოგადოების განვითარების გზის გასანათებლად ტვინის ჭყლეტა.

ახლა კი ზოგადიდან გადავიდეთ კერძოზე, ტერმინოლოგიიდან – ჩვენს ყოფას მივუბრუნდეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს ფაქტობრივი დამოუკიდებლობის შემდეგ გავიდა 20 წელზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ – თითქმის 22 წელი, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ახალი ტალღის დაწყებიდან – ლამის 25 წელი.

რას მივაღწიეთ ამ წლების შემდეგ? ო, ძაან ბევრს – ვისწავლეთ სიტყვები „დემოკრატია“ და „ადამიანის უფლებები“, დავხოცეთ ჩვენივე თანამემამულეთა გარკვეული ოდენობა და დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20%. რამე ხომ არ გამომრჩა?

ვინ გვინათებდა ესოდენ საამაყო გზას? „ჩვენი სასიქადულო ინტელიგენცია“. უნდა ვაღიაროთ, რომ ან ცუდად გვინათებდნენ, ან ნავიგატორებს ცოდნის ამბავში ვერ ჰქონდათ საქმე რიგზე. საუბარი იმაზე, რომ „ხალხმა არ მოგვისმინა“, არ ჭრის – მყისვე იბადება კითხვა „რატომ არ მოგისმინათ?“

იმიტომ ხომ არა, რომ ზედმეტად ხშირად ნავიგატორები იტყუებოდნენ, ორ სკამზე ისხდნენ, პრიმიტიულად ფულს იყვნენ დახარბებულნი ან სულაც უმეცარები იყვნენ? ვეცადოთ, გავერკვეთ.