Archive | აპრილი 2013

მიტინგიდან აუთენტურობამდე. და პირუკუ.

მართალი რო გითხრათ, ისე გავმწარდი „სარეიტინგო კენჭისყრით“, რომ გადავწყვიტე მიტინგზე არ წავსულიყავი. რაღაც ზედმეტად თავისი კერძო ინტერესების დაცვის იერი მიიღო, ჩემს თვალში, ნაციონალების ქცევამ, რომელთან მე საერთო არაფერი მაქვს.

მაგრამ ბ-ნი პრემიერ-მინისტრის ბოლო (იმედია) გამონათქვამმა (ომის თაობაზე) გადამაფიქრებინა. მადლობა, ბ-ნო პრემიერო – გამახსენეთ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა.

მიტინგზე იმაზე მეტი ხალხი დამხვდა, რასაც ველოდი. ამდენს, მგონი, არც ორგანიზატორები ელოდნენ და საკმაოდ გახარებულნი და შემართულნი მეჩვენენ. გაიძახოდნენ, რომ აქ ახლა იბადება ევროპული, სამოქალაქო საქართველო. მინდა ვუთხრა – არა, ბატონებო, ჩვენ უკვე კაი ხანია ვარსებობთ და კარგია, რომ თქვენ დღეს ეს დაინახეთ.

დიდხანს ვერ დავრჩი – მაინც სამუშაო დღეა და სამსახურში დავბრუნდი. საღამოს კი ტელევიზორში თვალი მოვკარი, თუ როგორ ცდილობს ქართული ჟურნალისტიკის ხორცშესხმული სინდისი შალიკო ათქმევინოს გია ნოდიას, თუ როგორი კოშმარია ის, რომ პრეზიდენტმა საკუთარი შვილის სწავლისთვის ფული ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯა. რა საცოდაობაა!

რამდენიმე დღის წინ იმავე სტუდიაში გამოჩენილი ქართველი მედიაექსპერტები სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ, თუ რაზე მეტყველებს დათა ახალაიას ბრალდებები ვანო მერაბიშვილის მიმართ. ამ მსჯელობისას არც ერთ მათგანს არ დაებადა შეკითხვა, თუ რამდენად აუთენტურია (ძალიან რთული სიტყვა ხომ არ არის?) ეს განცხადება, რომელიც Facebook-ში იყო გამოქვეყნებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის მერე გამოჩნდა დათა ახალაიას კიდევ ერთი განცხადება, რომელიც უარყოფდა პირველს, როგორც ყალბს. ამ განცხადების თაობაზე მედიაექსპერტები აღარ შეიკრიბნენ.

შერცხვათ? აბა, როგორ გეკადრებათ – აგერ ახლა ახალ სკანდალს განიხილავს ქართული ჟურნალისტიკის ფერ-ხორციანი სინდისი სახელად შალიკო. და ისევ არ კითხულობს, თუ საიდან არის ეს ინფორმაცია და რამდენად სანდოა ის. გია ცდილობს, ამაზე მიუნიშნოს, მაგრამ რა დროს ეგ არის! თქვით, ბ-ნო გია, ეს კარგია თუ ცუდი, პრეზიდენტის ასეთი საქციელი, აა?! და ასე ყოველდღე, წლების განმავლობაში, წრეზე, წრეზე…

მახსოვს, როგორ მოკვდა ჩემს თვალში რუსული ჟურნალისტიკის მამა ალექსეი ვენედიქტოვი, როცა ომის დაწყების დღესვე დაადანაშაულა ქართული მხარე. რატომ? იმიტომ, რომ მას ცხინვალში საკუთარი კორესპონდენტი არ ყავდა გაგზავნილი, და, შესაბამისად, დაეყრდნო ვიღაცის ინფორმაციას. ხოლო თავის მხრივ მშვენივრად იცოდა, რომ კონფლიქტისას არ შეიძლება ერთი მხარის ინფორმაცია აიტაცო, როგორც უტყუარი, მეორის ინფორმაციის წაყრუების პირობებში. და ასეთი კონფლიქტისას – მითუმეტეს. მაგრამ აიტაცა, დაეყრდნო და თან ძაან მჭიდროდ. ჰოდა, მოკვდა ჩემს თვალში.

შალიკოს ასეთი საფრთხე, რა თქმა უნდა, არ ემუქრება (მკვდრად დაბადებულს აბა რა მოკლავს), მაგრამ მკითხველ-მსმენელ-მაყურებელო, შენ მაინც ნუ მოგიკვდება ტვინი. დაეჭვდი ინფორმაციის წყაროებში! გაითვალისწინე, რომ ქართული ჟურნალისტიკის სინდისებს და ექსპერტებს სიტყვა „აუთენტურობა“ არ გაუგიათ (ისევ, როგორც ბევრი რამ სხვაც – მოკითხვა შორენა შავერდაშვილს), და აქედან გამოდი, როცა მათ კითხულობ, უსმენ ან უყურებ. თორემ ვერც შეამჩნევ, როგორ აღმოჩნდები ისევ მეოცნებე ამომრჩეველი ვიღაც ნაძირალასი.

PS  ხო, მიტინგზე, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ნათქვამ 5,000 ადამიანზე ბევრად მეტი იყო. მე, რა თქმა უნდა არ დამითვლია, მაგრამ ამის შეფასება ნამდვილად არ არის რთული. ვთვლით, რამდენი ადამიანი დგას 1 კვადრატულ მეტრზე, ვზომავთ იმ ფართს, სადაც ადამიანები იყვნენ, და ამ ფართს ვამრავლებთ 1 კვადრატულ მეტრზე მდგარ ადამიანთა ოდენობაზე. ხომ არ არის რთული, შორენა?

Advertisements