Archive | ივნისი 2013

არასამთავრობო ექსპერტები და დეპუტატი ცაგარეიშვილი

არა, კი არ მიკვირს, მაგრამ მაინც… მოკლედ, ცოტაოდენი ისტორია: გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების დროს, რაოდენ დიდი აჟიოტაჟი აიწია ტელეკომპანიების ირგვლივ. მიუკერძოებელი არასამთავრობო ექსპერტები, იცავდნენ რა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს, აღშფოთებული კითხულობდნენ: ვინაა „რუსთავი-2“-ის და „იმედის“ რეალური პატრონი. „Transparency International – Georgia“ მაშინ კვლევაც კი გამოსცა სათაურით  „ვის ეკუთვნის საქართველო“…

ჰოდა, აღსრულდა ხალხის ნება, და ოქტომბრის არჩევნებზე სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი, ბენდუქიძის კულულებთან ერთად, მოშორდა ტანჯულ საქართველოს. ცხრაკლიტულში დამწყვდეული ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტები განთავისუფლდნენ და დაიწყო საოცნებო დემოკრატიის მშენებლობა.

თუმცა, ზოგმა შეიძლება შეამჩნია, რომ ამ დემოკრატიის მშენებლობას ჩაჭიდებულმა თეთრმა გიორგი-ბიძინამ ვერ მოიცალა (აბა რა!) და ვერ მოასწრო თავისი წილის გადაფორმება „პროგრეს ბანკში“. თუმცა, „ქართუსთვის“ მოიცალა, და არჩევნებამდე კვიპროსელ მეგობრებზე გადაფორმებული ბანკი მთლიანად შვილ უტას სახელზე გადმოაფორმა.

ასევე ვერ მოიცალა ბ-ნმა პრემიერმა „მისი ეკას ტელევიზიის“ (“TV-9”) საკითხისთვის. სამაგიეროდ, არ დაავიწყდა მეორე შვილის, ბერას, დიდი მუსიკალური ნიჭი და მას ახალი გასართობი ტელეკომპანია, “GDS” (Georgian Dream Studio), ჩააბარა. ასე რომ, ბ-ნი პრემიერის ოჯახს ორი ტელევიზია მაინც ეკუთვნის.

ჰოდა, რაო ჩვენმა მიუკერძოებელმა არასამთავრობო ექსპერტებმა ქვეყნის ბედზე ფიქრში დღე-ღამის გამასწორებელი ადამიანის ამ უმნიშვნელო და ბუნებრივ გულმავიწყობაზე? იქნებ, შეახსენეს ბ-ნ პრემიერს, რომ ეს მთლად შესაბამისობაში ვერ არის არნახული დემოკრატიის შეპირებასთან? აბა, თქვენც არ მომიკვდით.

სამაგიეროდ, გასული კვირის ბოლოს იგივე „Transparency International – Georgia“-მ გააშანშალა ანგარიში ქართული სარეკლამო ბაზრის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის ანოტაცია იწყება ასე:  „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. პოლიტიკა აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს სარეკლამო თანხების გადანაწილებაში და კომპანიები ახლა უკვე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი დანახარჯების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი – ახლა უკვე კონკურენციის პირობებში?” აღნიშნულია, რომ კერძო სექტორის სარეკლამო დანახარჯები არ გაზრდილა, რადგანაც ინვესტორებს კვლავაც აფიქრებთ პოლიტიკური არასტაბილურობა“.

შეგიძლიათ ამიხსნათ, მესამე წინადადების დამოკიდებულება პირველ ორთან? საიდან არის „პოლიტიკური არასტაბილურობა“, თუკი „ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა“ და „კომპანიები ახლა უკვე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი დანახარჯების შესახებ“? მე ვერ შევძელი.

აი, დეპუტატმა ცაგარეიშვილმა კი შეძლო – ჩვენო, ახლა აღარ ვაძალებთ კომპანიებს დაიხარჯონ რეკლამებისთვის. აა, მივხვდი! მაგარია, ტაში, ფარდა.

მაშინ, ერთად-ერთ ლოგიკურ ახსნად იმ ყბადაღებული „პოლიტიკური არასტაბილურობის“ რჩება ის, რომ სადღაც-სადღაც კიდევ შემორჩნენ გაბრწყინების მოლოდინე იბერიის დაუძინებელი მტრები ნაციონალები, რომლებიც ღამ-ღამობით გამოდიან და ინვესტორებს და ბიზნესმენებს აფრთხობენ. უ, მაგათი! ქსი მაგათ, ბატონებო, ქსი!

ჰოდა, ვუბრუნდები დასაწყისს: არა, კი არ მიკვირს, მაგრამ მაინც… კარგია, რომ ამ კეთილშობილ საქმეში დეპუტატ ცაგარეიშვილის გვერდზე დგას ასეთი პატივცემული და რაც მთავარია, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Transparency International – Georgia“.

რესპუბლიკელი ვირთხები და მამარდაშვილის პრივატიზება

როგორც ჩანს (ცხადია, ჩემთვის), რესპუბლიკელები „ადვიჟენიევდნენ“. ხან ქ-ნი ხიდაშელის რკინის ნერვების მქონე მეუღლე გამოთქვამს რაღაცას, რაც პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც არ ჯდება ბ-ნი პრემიერის ლოგიკაში. ხან ბ-ნი უსუფაშვილის უპრინციპულესი მეუღლე გააკრიტიკებს შსს-ს (ნუ, ასე მაინც).

არც არის ეს გასაკვირი. ნახევარ წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სისხლიანი ფაშისტური რეჟიმი არჩევნებზე დამარცხდა, კახა ბენდუქიძემ კულულები უკან გადაისროლა და ქვეყანაში ოცნება გაბატონდა. და რა? ბათუმში ჩასულ ობერ-მეოცნებეს მისი გუშინდელი ამომრჩეველი (ჩემი ვარაუდია) ეკომიგრანტი თუ ლტოლვილი ქალბატონი მთელი ხმით ეკითხება, დაპირებული ბინები სად არისო… სხვა თემებთან შედარებითაც კი, ეს იმდენად მკაფიო სურათია, რომ დანარჩენებზე მისით შეიძლება მსჯელობა.

რესპუბლიკურ ცოლ-ქმარს (უფრო ქმარს) ამასობაში ხან ევროპარლამენტარები „ტისკავენ“ დროგამოშვებით: პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ნიშნებიაო საქართველოში, ხან ვენეციის კომისია უწუნებს ქართულ პარლამენტს მთავარ მონაპოვარს – ამნისტიას.

არა მგონია, ეგ რეჟიმი მოსწონდეთ მათ, ან რესპუბლიკელთა მეორე ოჯახურ დაჯგუფებას – ძმებს ბერძენიშვილებს. ხოდა დაიწყო ბოლო-ბოლო „დვიჟენია“. ვირთხებისთვის დამახასიათებელი გამძაფრებული წინათგრძნობით იწყებენ დისტანცირებას თავიანთ არაინტელექტუალ თანაკოალიციელებთან. და ქართველი ინტელექტუალებისთვის ასევე დამახასიათებელი უანგაროებით, თან ცდილობენ ხელს გააყოლონ რამე გემიდან გადახტომამდე.

აი, ბ-ნი ბერძენიშვილი (უფროსი, ანუ ის, ბიბლიოთეკარად რო იყო ერთხანს პარლამენტში) მოგვევლინა მამარდაშვილის კომენტატორად და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ კითხულობს ლექციას თემაზე „​პიროვნების ჩამოყალიბების მამარდაშვილისეული კონცეფცია“.

რა ნაცნობია, არა? მამარდაშვილის კონცეფციაზე საზოგადოებას ესაუბრება ადამიანი, რომლის ფილოსოფიურ მოღვაწეობაზე ამ საზოგადოებას მეეჭვება რამე სმენია. და რატომ ეს ადამიანი და არა, მაგალითად, გია ნოდია, რომლის კავშირი მამარდაშვილთან გაცილებით მკაფიოა? იმიტომ, ალბათ, რომ ამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მამა არის გამოჩენილი მედია-ექსპერტი ბ-ნი ზვიად ქორიძე. აი, ის, თავის სტუდენტს რო უხსნიდა, „ასავალ-დასავალის“ მიერ ციხის თანამშრომელთა სრული სიის პუბლიკაცია კრიმინალი არ არისო…

მოკლედ, ამ ჩვენი „სასიქადულო ინტელიგენციის“ © მოწინავე რაზმმა უკვე დაიწყო, ეტყობა, შემდგომი, პოსტ-ოცნებური ეტაპისთვის მზადება. და ამისთვის გამწარებული ტენის თავის ინტელექტუალური ბაგაჟის გახვრეტილ ხურჯინებში აუცილებელ რეკვიზიტს. ხვალ ხო ისევ უნდა დაიკავონ ინტელექტუალური პოლიტიკოსების ნიშა, შეკერონ ჭკვიანი როჟები და განაახლონ ჩვენს თვალებში ნაცრის ყრა, შიგადაშიგ რამე „მამარდაშვილისეულის“ ხსენებით. ხო და ამოალაგებენ და გამოიყენებენ, რასაც დღეს მიწვდებიან, ეს „მამარდაშვილის კომენტატორები“, „ფილოსოფოსები“ და „მედია-ექსპერტები“.

ისევ მოვუსმენთ და რეკვიზიტს და პოტენციალს დავუფასებთ?

სამგლოვიარო დისკოთეკა და პროტესტი

7 ივნისს ქვეყანაში გლოვა იყო გამოცხადებული. მიზეზი – ავღანეთში დაიღუპა 7 ქართველი ჯარისკაცი.

საღამოს ქალაქის თავზე, მთაწმინდაზე, დისკოთეკა გაიმართა. გაიმართა და შუაღამესაც კარგად გადასცდა. მთელი ქალაქის გასაგონად ისმოდა მხიარული ბრაგა-ბრუგი და ჟოკეების და მონაწილეების ომახიანი ღრიალი.

მანამდე კი, დღისით, „ჩვენმა სასიქადულო ინტელიგენციამ“ ©  გვაუწყა, რომ ხვალიდან ის აქციების გამართვას აპირებს ავღანეთიდან ქართული შენაერთის გამოყვანის მოთხოვნით.

ყველაფერი გადასარევადაა, არა?