Archive | სექტემბერი 2013

როგორი მინისტრი და „ფისკალური პროფიციტი“

რაღაცის მინისტრმა ბ-ნმა ნოდარ ხადურმა გვახარა – წლის პირველ ნახევარში ფისკალური პროფიციტი გვაქვსო 146 მილიონი ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საზიზღარი „ნაციონალების“ ხელში შარშან ამ დროს დეფიციტი გვქონდა და შეგვპირდა, რომ ან თანხას მთლიანად სოციალური და სხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

ახლა, მოდით დავალაგოთ. პროფიციტი, ანუ შემოსავლების ხარჯებზე გადაჭარბება შეიძლება იყოს გამოწვეული მხოლოდ ორი მიზეზით:

1. წლის პირველ ნახევარში გეგმაზე მეტი გადასახადი აიკრიფა (რა თქმა უნდა, შემოსავლების სხვა წყაროებიც არსებობს – პრივატიზაცია, მაგალითად – მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ზრდა მაგათ ნამდვილად არ ეხება).

გადასახადების ზეგეგმიური აკრეფის შემთხვევაში მაინტერებს, როგორ აზრობრივ კავშირშია ეს ქმედება ბ-ნი რაღაცის მინისტრის წინა განცხადებასთან, რომ საზიზღარმა „ნაციონალებმა“ დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის ვალი დაუტოვეს ახალ მთავრობას წინასწარ აკრეფილი გადასახადების სახით. ანუ, თუ სახელმწიფომ ბიზნესს 1.5 მილიარდი ლარი წინასწარ გადაახდევინა, რას ნიშნავს ამ მიმართულებით გეგმის გადაჭარბების პრაქტიკის გაგრძელება?

2. წლის პირველ ნახევარში გეგმაზე ნაკლები თანხა დაიხარჯა ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში მაინტერესებს, რატომ ამაყობს ბ-ნი მინისტრი წლის პირველ ნახევარში ვალდებულებების ვერ (არ) დაფინანსებით და რატომ გვპირდება ასე გახარებული ამ „დაზოგილი თანხის“ მაინცდამაინც წლის მეორე ნახევარში დახარჯვას. იმიტომ ხომ არა, რომ წლის მეორე ნახევარში საპრეზიდენტო არჩევნებია?

ვსიო, პროფიციტის წარმოქმნის მეტი ვარიანტი არ არსებობს. აქვე ვიტყვი, რომ სულ არ მაინტერესებს, ეს პროფიციტი მართლა არის თუ არა. მაინტერესებს მხოლოდ აი ეს: ბ-ნი რაღაცის მინისტრი იმდენად დებილია, რომ ეს ზემოთმოყვანილი ბანალური ჭეშმარიტებები არ ესმის, თუ ბ-ნ რაღაცის მინისტრს ჩვენ ვგონივართ ასეთი დებილები? კითხვაზე პასუხი ქართველ ექსპერტებისთვის მიმინდია.

პრემიერი, ფილოსოფოსი და პოეტი

კი აღვუთქვი თავის თავს, რომ ბ-ნი პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს კომენტარს არ გავუკეთებ, მაგრამ… მოკლედ, მცირე ამონარიდები დოკუმენტიდან სახელით „საქართველოს პრემიერ–მინისტრის ღია წერილი საზოგადოებას“ (მმმ, გადასარევია თავის თავად!):

ამონარიდი #1: „ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს“.

ამონარიდი #2: „მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას“.

მაინტერესებს, უკვე მივეჩვიეთ, რომ რუსეთის გზას მივყვებით პოლიტიკაში და იქაური წესი – თავისი მემკვიდრის დასახელება რაიმე მაღალ პოსტზე – სრულიად გავითავისეთ? ან რა მექანიზმი ესახება ბ-ნ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკიდან წასვლის მერე ისევ დაბრუნებისთვის? მოვა, წიხლით შეაღებს პარლამენტის კარს და დეპუტატებს გასძახებს დავბრუნდიო და აბა, დროზე, ისევ პრემიერად დამამტკიცეთ?

არ ვკითხულობ, სადაა ქ-ნი (თუ რაც არი) იუსტიციის მინისტრი. კაი, მას „ავტორიტეტებთან“ სურათები აქვს გადასაღები და არ სცალია. მაინტერესებს, რა იქნა ისევ ის ჩვენი სინდისი და ნამუსი, სამშობლოს პიროფლიანი მსახური და პროგრესის შუქურა, ჩვენი „სასიქადულო ინტელიგენცია“ ©. რა, ვერაფერს ისეთს ვერ ხედავს ამ ორ ამონარიდში (წერილის სხვა მარგალიტებზე არაფერს ვამბობ)? არ ეჩვენება, რომ ეს ფაქტიურად არის არჩევნების, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზის, დასამარების სურვილის გამოცხადება? არა? კარგი, დავიხსომოთ ეს…

ახლა ცოტა სხვა რამ. აი სია საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მრჩეველთა ჯგუფის:

დავით მაღრაძე – პოეტი

ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი

მარინე მუსხელიშვილი – საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი

გრიგოლ გოგელია – იურისტი; მართვის სპეციალისტი

ირაკლი ლომოური – ლიტერატორი

ნათელა სახოკია – სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი.

მეორე გვარით დავიწყებ და ბ-ნ ზაზას მრავალჯერადობას მოვულოცავ. მართლაც, იმ ტელევიზიიდან, რომელიც სულ ცდილობდა მეტი დაენახა და მაინც ერთჯერადი გამოყენების საგანივით მოიქნია ბ-მა პრემიერ-მინისტრმა (ნეტა, თავის ეკას თუ კითხა ჯერ?), მგონი მარტო მას გამოუჩნდა ასე სწრაფად მეორედ გამოყენების შესაძლებლობა. გილოცავ, ზაზა!

ახლა პირველ გვარს შევხედოთ, პოეტ დავით მაღრაძეს. რას გვეუბნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეს-რელიზი? აჰა: „მრჩეველთა ჯგუფი დააკვირდება და შეისწავლის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს, რათა ორგანიზაციამ პირნათლად შეასრულოს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და იყოს: პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 15.)“.

ჰოდა, ეს ის მაღრაძე არ არის, რომლის თანამდებობა (ნუ, პოეტის გარდა) ასე ჟღერს: David Magradze, Adviser, Foreign Communications Unit, Department of Integrated Public Communications, Chancellery of the Government of Georgia? ყოველ შემთხევაში, ასე არის ხელმოწერილი ის ინგლისურენოვანი პრეს-რელიზები, რომლებსაც მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cambre (წარმოგიდგენიათ, ამ მთავრობასაც ყოლია დაქირავებული ლობისტები დასავლეთში) აცხობს ხოლმე.

და თუკი „აგი იგია“, მაშინ რა „პოლიტიკური (…) გავლენისაგან თავისუფალ“ ტელევიზიაზე მელაპარაკებით, ვერ გამიგია. ჰოდა, ჩემი ტრადიციული შეკითხვა: ეს მარტო მე არ მესმის, თუ ჩვენს სინდისს და ნამუსს, სამშობლოს პიროფლიან მსახურს და პროგრესის შუქურას, ჩვენს „სასიქადულო ინტელიგენციასაც“ © აინტერესებს ეს ამბავი? თუკი გაინტერესებთ, იკითხეთ, ბატონებო, ნუ გერიდებათ…