აურზაური საქოცეთში, ანუ დასასრულის დასაწყისი

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ესოდენ წარმატებული მინისტრი ალასანია ესოდენ უმოწყალოდ იქნება გაგდებული. აბა, აბა!

თუმცა, რატომ – ვინ? მე, მაგალითად, არ გამკვირვებია. ასევე არ გაკვირვებია არავის, ვისაც კარგად ახსოვს, თუ როგორ დააკომპლექტა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გუნდი 3 წლის წინ. იმათთვის, ვისაც ახსოვს, რომ პოლიტიკური ლუზერები „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მანდ ევროპული პეწის მიმცემი საკაზმის როლს ასრულებდნენ. და ბოლოს, იმათთვის, ვისთვისაც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი განვითარების კანონები ისეთივე ობიექტურ ხასიათს ატარებენ, როგორც, ვთქვათ, ფიზიკური კანონები.

ამიტომ, მგონი, პირველად ღარიბაშვილმა სიმართლე თქვა, როდესაც ალასანიას კვალდაკვალ გადამდგარი ფანჯიკიძე მოიხსენია, როგორც ალასანიას ნათესავი (ფანჯიკიძე ალასანიას ცოლის დაა). აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს წულუკიანის პოსტზე დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას?

სასაცილოდაც კი არ ჟღერს ახლა „თავისუფალი დემოკრატების“ ვუი-ვიში ქვეყანაში დემოკრატიის და კანონიერების პრობლემებზე. ბატონებო, თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ? და იგივე, თუ უარესი არა, ქმედებები „სისხლიანი ნაციონალების“ წინააღმდეგ კანონიერების ზეიმი იყო, არა? თუ კანონი მხოლოდ თქვენისთანა კარგი ბიჭების და გოგოების მიმართ არის დასაცავი, თორემ ისეთი საზიზღარი ტიპების მიმართ, როგორც „ნაციონალები“, არა?

ახლა, ალასანიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის თაობაზე მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანს არაფრის პერსპექტივა არ აქვს. მას უდავოდ აქვს კარგი მენეჯერის ნიჭი, და მან, თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანების თქმით, ეს უწყება, როგორც იქნა, ნორმალურ რეჟიმში ჩააყენა. მაგრამ ამავდროულად ის არის აბსოლუტურად მოკლებული ლიდერის ისეთი თვისებების, როგორც გამბედაობა და პასუხისმგებლობის თავის-თავზე აღება.

გახსოვთ მისი გამოსვლა 2008 წლის აგვისტოში გაეროს სესიაზე? რატომ იყო ამერიკელი წარმომადგენელი საქართველოს უფრო დამცველი, ვიდრე თავად ქართველი? რას ელოდებოდა პოლიტსაბჭოს სხდომისგან უკვე გადაყენებული მინისტრი? მართლა გაუკვირდა იქ მისულს, რომ ივანიშვილი დახვდა? და ბოლოს – რატომ არ იხდის ბოდიშს რაფალიანცების ოჯახის წინაშე? აღარ ახსოვს?

მოკლედ, რა ლუზერებიც იყვნენ ალასანია და მისი „გუნდი“ ივანიშვილის გაპოლიტიკოსობამდე, იმავე მდგომარეობას დაუბრუნდნენ ახლა. და ზუსტად იგივე ეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც კოალიციაში ჯერ კიდევ დარჩა. აშკარაა, რომ დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ უკვე „რესპუბლიკელები“ აღმოაჩენენ, რომ ქვეყანაში კანონიერების დაცვა გადაყვა „სამართლიანობის აღდგენას“.

ამასობაში ივანიშვილი დადგა არჩევანის წინაშე: ან ის უნდა დაბრუნდეს ფორმალურ თანამდებობაზე, რათა გაამაგროს სიმტკიცე თავისი გუნდისა, ან დაიწყოს ჩემოდნების ჩალაგება. თუკი ის უახლოეს დღეებში არ განაცხადებს თავისი „დანაპირის“© შესრულების თაობაზე („მე დავბრუნდები, როცა ჩავთვლი საჭიროდ”), ესე იგი, ან ჩემოდნებს ალაგებს, ან იმაზე უარესი იდიოტი-ნარცისი ყოფილა, ვიდრე მეგონა.

შედეგი კი მაინც ერთი იქნება: ეს ხოხოლა, რომელსაც ესოდენ ირონიულად ქვია „ქართული ოცნება“, მაინც დაიშლება.

თუ ეს მოხდება მალე, მაშინ ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, სადაც ამინდს ისევ „ნაციონალები“ შექმნიან, და კრიზისიდან გამოსვლა მოხდება კონსტიტუციური არჩევნების, თუნდაც ვადამდელი, გზით.

თუ არა და, მაშინ დაშლა მოხდება მოზღვავებული ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული პროტესტების ფონზე, და ამ შემთხვევაში დამბლადაცემული ხელისუფლების ხელიდან გავარდნილ ძალაუფლებას აიღებს ის, ვისაც ამის გამბედაობა ეყოფა. იმედი მაქვს, ეს ისევ ნაციონალები იქნებიან, ვინაიდან აბსოლუტურად არავის მეტს დღევანდელი ქართული პოლიტიკის ველზე პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია.

მე პირადად პირველი ვარიანტი (სწრაფი დაშლა) უფრო სავარაუდო მიმაჩნია.

ვნახოთ.

 

Advertisements

არქეოლოგები

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური:

სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრემიერს განუმარტა, რომ შენობა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტო განთავსდება, უძველესი მარანია და ის 1962 წელს, საქართველოში გამართული ღვინის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში აშენდა.

ეჭვი არ მეპარება, იმანაც დაიჯერა.

(ორი)წლისთავი

ორი წელი გავიდა, გილოცავთ. ეს ერთი.

მეორე: ამას წინათ, ინტერნეტში წავაწყდი უკრაინელი ჯარისკაცის (მარიუპოლთან რო ზის ახლა სანგრებში) გეგმას, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს სიტუაცია მის ქვეყანაში: 1. უზენაესი რადა (პარლამენტი) და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაიხვრიტოს, 2. ვინც დასაფლავებაზე მოვა, ისინიც უნდა დაიხვრიტოს, 3. უნდა ჩატარდეს არჩევნები.

რა ვი, ყოველ შემთხვევისთვის მოვიყვანე – იქნებ რამეში გამოგვადგეს 🙂

ოცნების Facebook-რაინდები

ეს რა არის?

GDfighters1 GDfighters2 GDfighters3

მე მხოლოდ ორი ვარიანტი მეგულება პასუხის:

ა) ეს კომენტები რეალურად ერთ ადამიანს ეკუთვნის. თანაც ისეთს, დიდად რო არ აწუხებს საკომენტო თემები და მისთვის მოსაწყენ სამუშაოს ასრულებს.

ბ) ეს ავტორები ინკუბატორში არიან გამოყვანილი და მათ არც დედა ჰყავს და არც მამა, აზროვნების საერთოდ რა მოგახსენოთ.

მე პირადად პირველს ვემხრობი…

წამოვიდა ინვესტიცია, წამოვიდა!

გიხაროდენ, საქართველოს მოქალაქენო – საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა $10 მილიონი ჩადო ელექტრონული ფულის კომპანიაში სახელად „BitFury“, რომელიც, თავის მხრივ $250 მილიონად იყო შეფასებული.

ეს გახლავთ ამ იდუმალი ფონდის, რომელსაც ბ-ნი ბიძინას შეპირებით, ნაციონალების მიერ დანგრეული ქვეყანა უნდა აეყვავებინა, უკვე მეორე დადასტურებული ინვესტიცია. უფრო სწორედ, ეს არის მეორე ინვესტიცია, რომლის შესახებ ჩვენ, დაპირებული აყვავების პოტენციურმა ბენეფიციარებმა, გავიგეთ.

პირველი ინვესტიცია ($98 მილიონი), ფონდის ერთ-ერთმა სტრუქტურამ „GCF Hydro Development“-მა ჩადო მტკვარიჰესის პროექტში, რომელსაც „Caucasus Energy&Infrastruture“ უშედეგოდ ცდილობდა გაეყიდა 2011 წლიდან. სამწუხაროდ, ფონდმა არაფერი თქვა იმის თობაზე, თუ რა იყო მისი აზრით მიზეზი წლების განმავლობაში სხვა მყიდველის არარსებობისა.

თუმცა, ნამეტანს ნუ მოვთხოვთ – მტკვარი ჰესი მაინც საქართველოში შენდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ინვესტიცია „BitFury“-შიც საქართველოს განვითარებად არის შერაცხული. თურმე, ნუ იტყვით, და კომპანია ამ სახსრებით საქართველოში ციფრული ფულის მსოფლიოში უმსხვილესი დატა-ცენტრის შექმნას აპირებს. „და აქ ჩამოვლენ ამერიკანცები, ფრანცუზები…“ ©.

ბარემ, ამ ფონდის თემა რომ ამოვწუროთ, კიდევ ორ მომენტს აღვნიშნავთ. პირველი, რა თქმა უნდა, არის გახმაურებული „პანორამა თბილისი“. როგორ აღშფოთდა მოწინავე საზოგადოება ქალაქის განუმეორებელი იერსახის გარდაუვალი ცვლილების გამო, ეს ყველამ გავიგეთ. მაგრამ ვინმეს თუ გაუგია ერთი მაინც, თუნდაც მოკრძალებული, შეკითხვა ამ $500 მილიონის ღირებულების პროექტის რენტაბელურობის თაობაზე? ვინ უნდა იქირაოს ფართი მომავალ 4 საოფისე კომპლექსებში ისე, რომ ფონდმა ეს თანხა (ნახევარი მილიარდი!) საზრიან პერიოდში ამოიღოს?

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „პანორამა თბილისი“-ს კაშკაშა ბრწყინვალების მიერ სულ მთლად დაჩრდილული კიდევ ორი გამოცხადებული პროექტი.

ერთი გახლავთ – მოემზადეთ! – პამიდვრის სათბური, რომელიც მოწოდებულია ქვეყნის პამიდვრის იმპორტის 30% ჩაანაცვლოს და რომელშიც ფონდი $14.3 მილიონის ჩადებას აპირებს.

მეორე პროექტი კი არის რძის პროდუქტების საწარმო, რომელმაც ამ პროდუქტების იმპორტის 25% უნდა ჩაანაცვლოს. ამ პროექტში ფონდი სულ რაღაც $45 მილიონის ჩადებას აპირებს.

არ ვიცით, ეს სათბური და საწარმო საკუთარი ბირთვული რეაქტორის ენერგიაზე იმუშავებენ თუ საჭიროების შემთხევაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებად უნდა შეეძლოთ მყისიერი გადაკეთება, მაგრამ სხვა ვარიანტებს ამხელა თანხების ათვისების ჩვენ ვერ ვხედავთ.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, გვინდა გავაკეთოთ პროგნოზი (აბა, ქართველი ექსპერტები რატომღაც ჩუმად არიან). ვინაიდან, „პანორამა თბილისი“-ს პროექტისთვის ბ-ნმა ბიძინამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები თუ უკვე არ მიჰყიდა ფონდს, ამას ყოველ შემთხვევაში აპირებს, საქმე იქნება ასე (როცა ამ პროექტს თბილისის მერად უეჭველად არჩეული ნარმანია დაამტკიცებს): რაღაც დროის შემდეგ, ფონდი ზედმეტი ხმაურის გარეშე ამ პროექტს საპარტნიორო ფონდს ან მის ადგილას დაარსებულ სახელმწიფო განვითარების ბანკს (ამ ქოცების ფანტაზიას რა გამოლევს!) მიჰყიდის. შედეგად, ბ-ნი ბიძინას ნაკვეთებში იქნება გადახდილი სახელმწიფო სახსრები, ანუ ჩვენისთანა ბედნიერი ერის ფული. Voila! ესეც ოლიგარქიული რუსული ბიზნესის ბრწყინვალე მაგალითი.

ხოლო მეორე მომენტი არის ტრადიციული დაკვირვება მიუკერძოებელთა™ პოზიციაზე. ამას წინათ, „TI Georgia“-მ ფონდს მოუწოდა, გაასაჯაროოს ინფორმაცია თავისი პარტნიორების (ინვესტორების) შესახებ. რაზეც ზრდილობიანი უარი მიიღო: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენს პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ინვესტორების ვინაობა თქვენი საქმე არ არის.

საცოდავები! არადა, ვინ დაუშალა, ამ ფონდის ჯერ კიდევ შექმნის დაანონსებისას გაეგოთ, რომ მაგდაგვარი სტრუქტურების (private equity fund, კერძო ინვესტიციების ფონდი) ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მკაცრი კონფიდენციალურობა. და, შესაბამისად, იქვე გამოეხატათ თავისი წყურვილი გამჭვირვალეობის მიმართ. ააა, ეს ხომ ბ-ნმა ბიძინამ დაანონსა შარშანდელი პრემიერობისას! მაშინ ხოოო…

თარიღი matters

რუსეთმა გამოუშვა მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“. მიაქციეთ ყურადღება ამ „დაბრუნების“ აღმნიშვნელ თარიღებს:

Медаль_«За_возвращение_Крыма»_реверс
ცნობისთვის: იანუკოვიჩმა კიევი დატოვა 21-22 თებერვლის ღამეს. ამას უძახის რუსეთი „კანონიერი პრეზიდენტის ჩამოგდებას“, რომელსაც თითქოსდა მოჰყვა ყირიმელთა შეუკავებელი აღტკინება რუსეთთან მიერთების თაობაზე. კიდევ ერთხელ – იანუკოვიჩი ჯერ კიდევ უკრაინაში იყო, როცა მედლის თანახმად, დაიწყო ოპერაცია „ყირიმის დაბრუნება“.

ახლა კი – სპეციალურად ქართველი მაღალინტელექტუალური საზოგადოებისთვის და სასიქადულო ინცილეგენციისთვის™, პირველ რიგში: აბა, გოგონებო და ბიჭუნებო, როდის და როგორ დაიწყო ქართულ-რუსული ომი? და ვინ დაიწყო ის? აბა ვინ იტყვის?

ძმები და «братья»

უკრაინა, ეტყობა, ისეთი სარკე აღმოჩნდა ჩვენთვის, რომელშიც ჩახედვა გვიჭირს ან გვეშინია. აჰა, პატარა გოგო კიევიდან:

ნეტავ, რატომ არ ახსენდება ამ გოგოს ერთმორწმუნეობა ამ ომის დროს? ქართულ ინცილიგენციასვეკითხები, რამე რო იყოს.

Update: მადლობა ღმერთს! ასეც უნდა ყოფილიყო – არ არის ქართული ინტელიგენცია მთლიანად გაინცილიგენტებული. აჰა – კულტურის პალატა ბეზრუკოვის სპექტაკლის გაუქმების გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ჯიგარი ხარ, დავით ოქიტაშვილო – ამ წარჩინებულ ინცილიგენტთა უზნეო მოთხოვნას მორიგი ბლუკუნით „ხელოვნება და პოლიტიკა არ უნდა ავრიოთ ერთმანეთში“ ზუსტად ეგეთი პასუხი ეკადრება.

განსაკუთრებით მომეწონა ერეკლე ბადურაშვილის საქციელზე რომ გააკეთა კომენტარი და არ დაინდო. გვეყო ეგეთი დანდობები, რომლებიც სინამდვილეში ადამიანის ღირსებას აპარტახებენ.