არაადამიანები


თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების ფონზე მკაფიოდ გამოჩნდა ჩვენი „ელიტის“ ჭეშმარიტი სახე.

თავად განსაჯეთ: მერიას თავში არ მოუვიდა, რომ შეიძლება გამოჩნდეს ადამიანები, ვისაც დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა მოუნდება. შესაბამისად, არანაირი ოფიციალურად გამოცხადება იმისა, რომ აი აქ და აქ შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი დახმარება, არ იყო და ეს მოხალისეები ერთმანეთს თავად უკავშირდებოდნენ, შეხვედრის ადგილებს თავად ათანხმებდნენ, ტრანსპორტს თავად უზრუნველყოფდნენ და ა.შ.

მე ხაზი მინდა გავუსვა: მე მიმაჩნია, რომ მოხალისეების ქმედება სულაც არ საჭიროებს ოფიციალურ ხელდასმას ან დახმარებას. მე მხოლოდ მერიის ჩინოვნიკების, როგორც ადამიანების, აზროვნების ტიპზე ვამახვილებ ყურადღებას.

თავის მხრივ, პატრიარქმა არ გაუშვა ხელსაყრელი მომენტი და შეგვახსენა, რომ ღვარცოფის მიერ განადგურებული ზოოპარკის ადგილას ეკლესია უნდა აღსდგეს. ღვარცოფისგან დაზარალებულებისთვის დახმარება მას არ გახსენებია.

აქაც ხაზი მინდა გავუსვა: მე არ ვეხები ზოოპარკის ადგილას ეკლესიის აღდგენა/არაღდგენის საკითხს. მე უბრალოდ მაოცებს, რომ ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად თვლის, ადამიანებზე მნიშვნელოვნად მშენებლობას მიიჩნევს.

ამაზრზენი იყო ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დახოცვა. იმას, ვინც ამ პრობლემის მოსაგვარებლად პოლიციელები გაუშვა, თავში არც კი მოუვიდა, რომ საბრძოლო ვაზნების მაგივრად ტრანკვილიზატორი მიეცა.

დიახ, ქუჩაში მოსიარულე მგლები და მითუმეტეს, ლომები საფრთხეს წარმოადგენენ. დიახ, ამ პრობლემას სასწრაფოდ უნდა მოგვარება. მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ ის უფროსობა არ იცის ტრანკვილიზატორს გამოყენების შესაძლებლობაზე.

და ამის გვირგვინად, კვირა დღის საღამოს, დიდუბეში ფეიერვერკი. რა თქმა უნდა, იქ რამე კერძო ზეიმი იყო, ალბათ დიდი ხნის წინ დაგეგმილი. მაგრამ კვირა საღამოს, როცა ყველამ უკვე იცოდა, რომ ქალაქში მსხვერპლია, ადამიანები უსახლკაროთ დარჩნენ და გაუბედურდნენ, ამ ზეიმის მომწყობთ თავშიც კი არ მოუვიდათ, არათუ მისი გაუქმება/გადატანა, არამედ ფეიერვერკის მოწყობაზეც კი ვერ შეიკავეს თავი.

შეჯამებით, ჩამოთვლილ მენტალურ ტიპაჟებს აერთიანებს ერთი რამ: არაადამიანობა. მერიის მესვეურები ადამიანების მხრიდან ადამიანობის გამოხატვას გამორიცხავენ. არ გამიკვირდება, თუ პატრიარქი წყლის მიერ წაღებულ ადამიანს ხელს კი არ მიაწვდის საშველად, არამედ რამე ცოდვაზე დაუწყებს ქადაგებას. ხოლო „ზეიმის მომწყობთ“ საერთოდ ყველანი და ყველაფერი ჰკიდიათ და რამე რო იყოს და „ფეიერვერკის“ ფული დააკლდეს, სამშობლოს ისე გაყიდიან, რომ შემდგომ სუფრაზე ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების თქმისას რამე უხერხულობას ვერც კი იგრძნობენ.

და ესენი ყველანი ერთად ჩვენ, რა თქმა უნდა, ჭკუას გვარიგებენ და გვიდგენენ, რა უნდა მოგვწონდეს და რა არა…

2 responses to “არაადამიანები”

  1. Ванесса says :

    Пожалуйста, свяжитесь по вопросам положения Грузии в настоящее время для статьи

Leave a reply to Ванесса კომენტარის გაუქმება