წამოვიდა ინვესტიცია, წამოვიდა!


გიხაროდენ, საქართველოს მოქალაქენო – საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა $10 მილიონი ჩადო ელექტრონული ფულის კომპანიაში სახელად „BitFury“, რომელიც, თავის მხრივ $250 მილიონად იყო შეფასებული.

ეს გახლავთ ამ იდუმალი ფონდის, რომელსაც ბ-ნი ბიძინას შეპირებით, ნაციონალების მიერ დანგრეული ქვეყანა უნდა აეყვავებინა, უკვე მეორე დადასტურებული ინვესტიცია. უფრო სწორედ, ეს არის მეორე ინვესტიცია, რომლის შესახებ ჩვენ, დაპირებული აყვავების პოტენციურმა ბენეფიციარებმა, გავიგეთ.

პირველი ინვესტიცია ($98 მილიონი), ფონდის ერთ-ერთმა სტრუქტურამ „GCF Hydro Development“-მა ჩადო მტკვარიჰესის პროექტში, რომელსაც „Caucasus Energy&Infrastruture“ უშედეგოდ ცდილობდა გაეყიდა 2011 წლიდან. სამწუხაროდ, ფონდმა არაფერი თქვა იმის თობაზე, თუ რა იყო მისი აზრით მიზეზი წლების განმავლობაში სხვა მყიდველის არარსებობისა.

თუმცა, ნამეტანს ნუ მოვთხოვთ – მტკვარი ჰესი მაინც საქართველოში შენდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ინვესტიცია „BitFury“-შიც საქართველოს განვითარებად არის შერაცხული. თურმე, ნუ იტყვით, და კომპანია ამ სახსრებით საქართველოში ციფრული ფულის მსოფლიოში უმსხვილესი დატა-ცენტრის შექმნას აპირებს. „და აქ ჩამოვლენ ამერიკანცები, ფრანცუზები…“ ©.

ბარემ, ამ ფონდის თემა რომ ამოვწუროთ, კიდევ ორ მომენტს აღვნიშნავთ. პირველი, რა თქმა უნდა, არის გახმაურებული „პანორამა თბილისი“. როგორ აღშფოთდა მოწინავე საზოგადოება ქალაქის განუმეორებელი იერსახის გარდაუვალი ცვლილების გამო, ეს ყველამ გავიგეთ. მაგრამ ვინმეს თუ გაუგია ერთი მაინც, თუნდაც მოკრძალებული, შეკითხვა ამ $500 მილიონის ღირებულების პროექტის რენტაბელურობის თაობაზე? ვინ უნდა იქირაოს ფართი მომავალ 4 საოფისე კომპლექსებში ისე, რომ ფონდმა ეს თანხა (ნახევარი მილიარდი!) საზრიან პერიოდში ამოიღოს?

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „პანორამა თბილისი“-ს კაშკაშა ბრწყინვალების მიერ სულ მთლად დაჩრდილული კიდევ ორი გამოცხადებული პროექტი.

ერთი გახლავთ – მოემზადეთ! – პამიდვრის სათბური, რომელიც მოწოდებულია ქვეყნის პამიდვრის იმპორტის 30% ჩაანაცვლოს და რომელშიც ფონდი $14.3 მილიონის ჩადებას აპირებს.

მეორე პროექტი კი არის რძის პროდუქტების საწარმო, რომელმაც ამ პროდუქტების იმპორტის 25% უნდა ჩაანაცვლოს. ამ პროექტში ფონდი სულ რაღაც $45 მილიონის ჩადებას აპირებს.

არ ვიცით, ეს სათბური და საწარმო საკუთარი ბირთვული რეაქტორის ენერგიაზე იმუშავებენ თუ საჭიროების შემთხევაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებად უნდა შეეძლოთ მყისიერი გადაკეთება, მაგრამ სხვა ვარიანტებს ამხელა თანხების ათვისების ჩვენ ვერ ვხედავთ.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, გვინდა გავაკეთოთ პროგნოზი (აბა, ქართველი ექსპერტები რატომღაც ჩუმად არიან). ვინაიდან, „პანორამა თბილისი“-ს პროექტისთვის ბ-ნმა ბიძინამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები თუ უკვე არ მიჰყიდა ფონდს, ამას ყოველ შემთხვევაში აპირებს, საქმე იქნება ასე (როცა ამ პროექტს თბილისის მერად უეჭველად არჩეული ნარმანია დაამტკიცებს): რაღაც დროის შემდეგ, ფონდი ზედმეტი ხმაურის გარეშე ამ პროექტს საპარტნიორო ფონდს ან მის ადგილას დაარსებულ სახელმწიფო განვითარების ბანკს (ამ ქოცების ფანტაზიას რა გამოლევს!) მიჰყიდის. შედეგად, ბ-ნი ბიძინას ნაკვეთებში იქნება გადახდილი სახელმწიფო სახსრები, ანუ ჩვენისთანა ბედნიერი ერის ფული. Voila! ესეც ოლიგარქიული რუსული ბიზნესის ბრწყინვალე მაგალითი.

ხოლო მეორე მომენტი არის ტრადიციული დაკვირვება მიუკერძოებელთა™ პოზიციაზე. ამას წინათ, „TI Georgia“-მ ფონდს მოუწოდა, გაასაჯაროოს ინფორმაცია თავისი პარტნიორების (ინვესტორების) შესახებ. რაზეც ზრდილობიანი უარი მიიღო: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენს პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ინვესტორების ვინაობა თქვენი საქმე არ არის.

საცოდავები! არადა, ვინ დაუშალა, ამ ფონდის ჯერ კიდევ შექმნის დაანონსებისას გაეგოთ, რომ მაგდაგვარი სტრუქტურების (private equity fund, კერძო ინვესტიციების ფონდი) ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მკაცრი კონფიდენციალურობა. და, შესაბამისად, იქვე გამოეხატათ თავისი წყურვილი გამჭვირვალეობის მიმართ. ააა, ეს ხომ ბ-ნმა ბიძინამ დაანონსა შარშანდელი პრემიერობისას! მაშინ ხოოო…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: