Дешевки


უკრაინის კრიზისის მწვავე ფაზამ, როგორც ჩანს, ჩაიარა და რუსეთის შემდგომ იერიშამდე (ვის შეუძლია ის გამორიცხოს?) ის დრო დადგა, რომ რაღაც-რაღაცეებს თვალი გადავავლოთ, გავიხსენოთ და რაც მთავარია კარგათ დავიმახსოვროთ.

Cheapსაქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში რევოლუცია ისე მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი იქ არ ჩასულა. არც ერთი, გარდა ენერგეტიკის მინისტრისა, რომელიც კიევში თავის პირად საქმეზე ჩავიდა (ნეტავ რაზე? ბიზნესი?) და იქედან დაბრუნებულმა გვაუწყა, რომ კრიზისი გრუშევსკის ქუჩას არ სცდებაო: „ერთია, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ტელევიზიით მოწოდებულ ინფორმაციას და მეორეა რეალობა“.

ასევე არ გამოჩნდნენ კიევში ლამაზ მაისურებში გამოწყობილი „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

არც ჩვენი საამაყო შემოქმედებითი დასები ჩასულან იქ და არც უაღრესად აქტიური სამოქალაქო ორგანიზაციები.

ანუ, არავინ იმათგან, ვინც ვენებს იჭრიდა და იჭრის საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად.

სამაგიეროდ, კიევის მაიდანის, უნივერსიტეტის და დამოუკიდებელი ტელეარხების ხშირი და სასურველი სტუმარი იყო ყოფილი პრეზიდენტი.

სამაგიეროდ, სამი დაღუპული საქართველოს მოქალაქეთაგან, ერთად-ერთი, რომელიც ბარიკადებზე მოკლეს, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და „თავისუფალი ზონის“ წევრი დათო ყიფიანი. სხვათა შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ საიტზე აქამდე რატომღაც მხოლოდ ერთ დაღუპულზე არის განცხადება.

შემდეგი, რაც თვალში გეცემოდა ადამიანს, იყო ის გაუგებარი დანიშნულების განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ. კალაძის ზემოთმოყვანილ „დაკვირვებას“ რომ თავი დავანებოთ, სხვა „მარგალიტებიც“ ბევრია.

თუ ღარიბაშვილი 22 იანვარს აცხადებდა: „ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას“, მეორე დღესვე მარგველაშვილი გვახსენებდა: „ამასვდროულად, მინდა გითხრათ, რომ უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი და ჩვენ ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით“. ღარიბაშვილი მყისვე თანხმდებოდა და ღრმა სინანულით აღნიშნავდა: „უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, ქვეყანაში განვითარებული ვითარებაც საშინელია“.

თუ უსუფაშვილი აცხადებდა, რომ „ჩვენ, პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი“, კალაძე იმავე დღეს აზუსტებდა: „ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ ნებას, ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა ხელშეუხებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და მითუმეტეს სიცოცხლე“.

თუ 19 თებერვალს ინსტიტუტის ქუჩაზე მომხდარი ადამიანებზე სნაიპერების ნადირობის შემდეგ პეტრიაშვილი გაიძახოდა: „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ვუერთდები საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მოწოდებას უკრაინის ხელისუფლებისადმი, რომ მონახოს საერთო გზა და ენა ოპოზიციასთან სიტუაციის დეესკალაციისათვის“, 2 დღის შემდეგ (!) მარგველაშვილი ფილოსოფოსობდა: „გუშინაც მე მოვუწოდებდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური, და არა ძალადობრივი, ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა – ერთდროულად თითოეული ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე და ამავე დროს ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა“.

ამ ბლუკუნის უდავო ლიდერი მაინც ირაკლი სესიაშვილი გახდა, რომელმაც 24 თებერვალს, ანუ უკრაინული რევოლუციის შემდეგ, განაცხადა: „პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ის, რაც უკრაინელმა ხალხმა სისხლისღვრით შეძლო, ჩვენ ეს მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ“. ეს უკვე ნამდვილად სცილდება რიგით ბლუკუნს და ჭეშმარიტი მოროდიორის  არამზადობაში არის გადასული.

ცალკე აღსანიშნავია საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თუ არ ჩავთვლით ზემოთმოყვანილ არასრულ (?) შეტყობინებას, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის არსებობის შესახებ პირველად 27 თებერვალს გაგვახსენა. თუმცა, 1 მარტს უწყებამ უკვე საკმაოდ ადექვატური განცხადება გააკეთა, ხოლო მეორე დღეს ფანჯიკიძემ თავის უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

საინტერესო ის არის, რომ არავის დაჰბადებია შეკითხვა, და სად იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აღმზრდელი ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვის არ დასმა თუ არ ადასტურებს ქართველების ნამდვილ აღქმას ასო „მოქალაქის“ (ასო – არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ NGO) გამოცხადებული როლისა, მაშინ რას ნიშნავს?

ბოლოს კი, დღეს (წარმოიდგინეთ!) საქართველოს პარლამენტმა ვერ გაბედა მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივ ოკუპაციას დაგმობდა. ხოლო „მაესტროს“ სტუდიაში პოლიტოლოგი (?!) ცოტნე გამსახურდია, სააკაშვილის უკრაინულ აქტივობაზე მოკრძალებული ღიმილით ამბობს „ძაღლი შინ არ ვარგოდაო“…

ამ ჯერზე მე არ მაქვს თავი, რომ ჩემი ტრადიციული რიტორიკული შეკითხვა დავსვა „მიუკერძოებელთა™“ მიმართ – იმდენად ცალსახად ამაზრზენია ქართული დღევანდელი ბომონდის ქცევა უკრაინული ტრაგედიის ფონზე.

ამ ტრაგედიის მასშტაბის და უკრაინელების შეუპოვრობის შესახებ შთაბეჭდილება რომ შეგექმნათ, იხილეთ, ვისაც მაგარი გული გაქვთ:

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: